მედიის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა
ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა, – ამის შესახებ პოლონური რადიო „RMF24“ იუწყება.
ევროკომისიამ წარადგინა წინადადება 15 სექტემბრის შემდეგ გაგრძელდეს უკრაინული სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობის იმპორტის დროებითი აკრძალვა, როგორც ამას პოლონეთი და უნგრეთი ითხოვენ.
შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება ევროკომისრის ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკის ოფისის ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰაგერმა წარადგინა.
როგორც მედია წერს, უცნობია, საუბარია შეზღუდვების 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივებაზე თუ უფრო მოკლე ვადით.
გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზეა დამოკიდებული, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება, იყოს სიგნალი იმისა, რომ შეზღუდვები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც იგი აცხადებს თავის განზრახვას გააგრძელოს აკრძალვა, თუ მას ევროკავშირი არ გააგრძელებს.