ევროკავშირმა მოლდოველ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, ილან შორს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მოლდოველ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, ილან შორს, რომლის პარტია ბოლო თვეების განმავლობაში მოლდოვაში პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს მართავს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ ილან შორი ხუთ პირს შორის არის, რომლებსაც ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდათ „მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის“.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, მოლდოვისა და ისრაელის მოქალაქის, ილან შორის პარტია ჩართულია ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებისთვის პირების დაფინანსებასა და მომზადებაში.
აპრილში მოლდოვის სასამართლომ ილან შორი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საბანკო თაღლითობაში. ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს შორის არის ასევე პარტია „შორის“ წევრი, დეპუტატი მარინა ტაუბერი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში, ქვეყნის დატოვების მცდელობისას აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი ედება პრორუსული მოძრაობის უკანონო დაფინანსების ხელშეწყობაში.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ ასევეა პოლიციის ყოფილი უფროსი გეორგი კავკალიუკი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ვლადიმირ პლახატნიუკი, ასევე, რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა, რომელსაც ადანაშაულებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ფულით მოლდოვაში ანტისამათავრობო აქტივისტების დაფინანსებაში.
როგორც მედია წერს, ილან შორი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები არიან მოლდოვაში მთავრობისა და პრეზიდნტ მაია სანდუს წინააღმდეგ გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.
თებერვალში მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რუსეთის გეგმა გამოააშკარავა.