მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა.
როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ კვირას მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხული არ არის, ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საფრანგეთში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მაკრონის ეს განცხადება დაგმეს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.
დღევანდელ შეხვედრაზე მაკრონმა ფრანგული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარიზში გასულ კვირას გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგები გააცნო, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.
ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრამდე მაკრონი ასევე ესაუბრა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებს, ფრანსუა ოლანდს და ნიკოლა სარკოზის.
ელისეის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ფრანსუა ოლანდმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, თუმცა, მისი თქმით, „ფრანგი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ უნდა მონაწილეობდნენ“.
კითხვას, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ უნდა იყოს გამორიცხული, ოლანდმა ასე უპასუხა: „რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, მით უკეთესია“.
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინასთან დაკავშირებულ სტრატეგიას, მათ შორის, თებერვალში პარიზსა და კიევს შორის გაფორმებული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, შემდეგ კვირაში განიხილავენ.