მედიის ცნობით, დონბასში დაბომბვას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
დონბასში სამთავრობო არმიის პოზიციების დაბომბვას ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთისგან მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინის არმიის სამხედროებს დასახლებულ პუნქტ შუმისთან 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან, ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
დაბომბვის შედეგად, კიდევ ორმა ჯარისკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. აღნიშნული პუნქტი ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების, „ჩრდილოეთის“ პასუხისმგებლობის არეალშია.
„გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ დაბომბვის შემდეგ უკრაინის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. დონბასში დაბომბვას მსგავსი რაოდენობის მსხვერპლი 2019 წლის შემდეგ პირველად მოჰყვა.