მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკიში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკიში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკიში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება,- ამის შესახებ ფინური ბეჭდური მედია წერს. Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი ჩრდილოევროპულ სახელმწიფოში 15 ივლისს, საღამოს საათებში ჩავა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებს შეხვდება.

16 ივლისს კი დილის საათებში დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რეზიდენციაში ფინეთის პირველ პირს, საული ნიინისტეს შეხვდება. სწორედ ამის შემდეგ გაიმართება რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა. ფინური გამოცემის ცნობით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურ სადილზე გაგრძელდება.
გაზეთის ცნობით, დონალდ ტრამპი ფინეთს სამიტის დასრულებისთანავე დატოვებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 16 ივლისს, ჰელსინკიში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ერთამენთს პირველად 2017 წელს, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.