„სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე მედიას არ დაუშვებენ
ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე მედიას არ დაუშვებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უარყო რამდენიმე მედიასაშუალების მოთხოვნა, რომ ტრამპის სასამართლო პროცესის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იურისტები სასამართლო დარბაზში კამერების განთავსების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც, მათი თქმით, „საცირკო წარმოდგენის ატმოსფეროს შექმნის“.
მოსამართლემ დართო ნება ხუთ ფოტოგრაფს, სასამართლოს დაწყებამდე ფოტოები გადაიღონ, ვიდრე მათ დარბაზის დატოვებას მოსთხოვენ.
მანამდე დონალდ ტრამპმა, რომელიც ნიუ იორკში გუშინ ჩავიდა, განაცხადა, რომ მას ბრალს 33 პუნქტით წაუყენებენ. მათი ნაწილი ეხება ბიზნესთაღლითობას. ყველა ეს პუნქტი მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელივინ ბრეგმა სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლებად გადააკვალიფიცირა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს, პროკურორს ინფორმაციის გაჟონვაში სდებს ბრალს და მის გადადგომას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას მხარი დაუჭირა. საქმე უკავშირდება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. პროკურორის ვერსიით, ეს თანხა პრეზიდენტმა დენიელსს დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა. თავად ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
როგორც ვარაუდობენ, სასამართლოში მისვლის შემდეგ ტრამპი ფლორიდაში დაბრუნდება, სადაც სიტყვით გამოსვლას აპირებს.