მედიის ცნობით, დანიაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ლიდერობს 
მედიის ცნობით, დანიაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ლიდერობს 

დანიის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. როგორც „ბიბისი“ წერს, პროგნოზების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი 179-ადგილიან პარლამენტში სავარაუდოდ 90 მანდატით ჩამოაყალიბებს მთავრობას.

„სოციალ-დემოკრატებს საუკეთესო არჩევნები ჰქონდათ ბოლო 20 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ფრედერიქსენმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ფრედერიქსენის თქმით, მისი მთავრობა 2 ნოემბერს ფორმალურად გადადგება, რათა ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესი დაიწყოს.

მედიის ცნობით, კოვიდპანდემიის დროს, 2020 წელს მილიონობით წაულის განადგურების გადაწყვეტილების გამო, ფრედერიქსენი იძულებული გახდა ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წაულების განადგურების განკარგულებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

გახმაურებული სკანდალის შემდეგ მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტია კოალიციიდან გასვლით დაიმუქრა, თუკი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებოდა.