მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის სხვა რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს
ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ჩრდილოეთის ოსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, შეზღუდვები არ შეეხება ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას. შესაბამის განკარგულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
„ინტერფაქსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება ტერიტორიაზე სატრანზიტო ტრანსპორტისა და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თავმოყრას უკავშირდება, რომელთაც „ზედა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში შესვლა სურთ“.
საქართველოსთან საერთო საზღვართან ათასობით ავტომობილის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთი ხელისუფლებამ 26 სექტემბერს გაავრცელა. 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საზღვარზე კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება ქვეითად.
„ინტერფაქსის“ ცნობით, გარდა ამისა, გადაწყდა საგუშაგოსთან არსებული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის მოწყობა, სადაც იმავე დღეს დაიწყეს გაწვევის ჩაბარება. გაწვევის განაცხადი გადაეცემათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ მობილიზაციას. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, შესაბამისი სიები თავდაცვის უწყებამ მიაწოდა და ეხება იმ პირებს, ვინც, სამხედრო აღრიცხვაზეა, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ასევე სხვა რეგიონებში. ასევე, განიხილება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ელექტრონული რიგის წარმოება და შესაძლოა, გამოცხადდეს საგანგებო რეჟიმიც.