მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ავღანეთში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ავღანეთში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავღანეთის მმართველ მოძრაობა „თალიბანზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება სამანგანის პროვინციის ქალაქ აიბაკში მოხდა. მედიკოსთა ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მსხვერპლის შესახებ დაუზუსტებელი ცნობები ვრცელდება. ორმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 17-ს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა და თავდასხმის ორგანიზატორთა გამოვლენისა და დასჯის პირობა დადო.