სი ძინპინმა დასავლეთს მოუწოდა, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას
სი ძინპინმა დასავლეთს მოუწოდა, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას

ჩინეთი და სირია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან ჩინეთის ქალაქ ხანგჯოუში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორობა საეტაპო იქნება ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ამასთან ერთად, სი ძინპინმა დასავლეთს მოუწოდა, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას. ჩინეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ პეკინი სირიას სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაში დაეხმარება.

„ჩინეთი ეწინააღმდეგება გარე ჩარევებს სირიის შიდა საქმეებში და მოვუწოდებთ ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, მოხსნან ცალმხრივი სანქციები, რომლებიც სირიის წინააღმდეგ აქვთ დაწესებული“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში, რომელსაც ჩინური მედია ავრცელებს.

სირიის ლიდერი 2004 წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა. ბაშარ ასადი ჩინეთში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებას, აზიურ თამაშებს დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ სირია 2022 წელს შეუერთდა ჩინეთის პროექტს „ერთი გზა და ერთი სარტყელი“.

ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები 2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო დააწესეს. ამ ომის შედეგად, სხვადასხვა ცნობით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო მოკლული და კიდევ მილიონობით მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.