მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში დრონებით იერიშის შედეგად გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა, ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი
მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში დრონებით იერიშის შედეგად გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა, ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი

ბელგოროდის ოლქში ღამით დრონებით იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა გაზსადენს. მომხდარის გამო ცხრა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის განცხადებით, „უპილოტო საფრენი აპარატების უმეტეს ნაწილს საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდა“, თუმცა ზიანი არის მიყენებული ბელგოროდში, ბორისოვისა და ბელგოროდის რაიონებში. დაზიანებულია მსუბუქი ავტოტრანსპორტი, კერძო სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

შეგახსენებთ, ორშაბათს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ უკრაინიდან გრაივორონის რაიონში „დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფების“ შეღწევის შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა. რუსეთის ოლქზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა პროუკრაინელი მებრძოლები განდევნეს, ათობით „დივერსანტი“ გაანადგურეს. უკრაინის ხელისუფლება ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ოლქზე თავდასხმაში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მონაწილეობდნენ.