მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამარხში წერს.
მისი ცნობით, ქალაქ ბელგოროდისა და ბელგოროდის რაიონის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე ათი რეაქტიული ჭურვი ჩამოაგდეს. გუბერნატორის ცნობით, დილის იერიშის შედეგად დაშავებული ხუთი მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია.
ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად“ ბელგოროდში, ექვს კორპუსში 30-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დაზიანდა, ასევე დაზიანებულია „ბელგოროდ-არენის“ მინის ფასადი. ამას გარდა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად ქალაქში ხუთი ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ბელგოროდის რაიონის ორ სოფელში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და სამი მანქანა.
უკრაინულ მხარეს ბელგოროდზე იერიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ბელგოროდის ოლქი გასული კვირის დასაწყისიდან ყოველდღიურად იბომბება.