მედიის ცნობით, ბელგიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ისრაელისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით
მედიის ცნობით, ბელგიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ისრაელისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით

ბელგიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ისრაელისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, როგორც ბელგიის პოლიცია აცხადებს, აქციაზე 9 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის სამხედრო გზით გადაწყვეტის საშუალება არ არსებობს. მათივე თქმით, ისრაელმა უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო ღაზაში და ახლა დროა, ევროპამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აიძულოს ისრაელი, შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს მიმდინარე ომი.

მანამდე ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ 24 საათში ისრაელის თავდასხმის შედეგად 178 ადამიანი დაიღუპა, რაც ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.