მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პროკურატურამ უცხოეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სომხეთის მხარეს დაქირავებულ მებრძოლებად ირიცხებოდნენ, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ უცხოეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სომხეთის მხარეს დაქირავებულ მებრძოლებად ირიცხებოდნენ, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს წინასწარ გამოძიებას სისხლის სამართლის რვა საქმეზე, რომლებიც დაკავშირებულია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ „დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის, გამოყენების, დაფინანსებისა და მომზადების წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ გაერო-ს საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნათა უხეშ დარღვევასთან.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის 17 მოქალაქეზე.
„სოციალურ ქსელებში მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არსებობს ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მიუთითებს ამ პირების საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. ამ პირების დასაკავებლად და პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების შუამდგომლობის არაერთი მოთხოვნა გაეგზავნა შესაბამის ქვეყნებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, კამრან ალიევმა.