მედიის ცნობით, აშშ-ში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
აშშ-ში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქარიშხალი „იანი“, რომლიც კარიბის ზღვის აუზში წარმოიქმნა და რომლის სიჩქარე ეპიცენტრში საათში 241 კილომეტრს აღწევდა, ფლორიდის შტატის სანაპიროს გასულ ღამეს დაატყდა თავს.
ქარიშხალი შემდგომ სამხრეთ კაროლინის შტატისკენ გავრცელდა. განგაშის მაღალი დონე გამოცხადებულია ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებშიც.
დადასტურებული ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის დაზუსტება. შტატების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვის გაზრდის ალბათობა დიდია.
ფლორიდის შტატში განაცხადეს, რომ მიყენებული ზარალი უპრეცედენტოა და ათეულობით მილიარდ დოლარს ითვლის. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ფლორიდის შტატში დატბორილია ქალაქები, 2,3 მილიონი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამჟამად, ფლორიდის შტატში მაშველები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოყოლილი პირების ძიებას ახორციელებენ. ასევე, მაშველები ცდილობენ, მიაღწიონ იმ ადამიანებამდე, რომლებიც წყალდიდობის გამო სახლებში არიან ჩარჩენილნი.