ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი, ძლიერი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს. ამერიკული მედია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ „ატაკამსის“ ტიპის სარაკეტო სისტემების ახალი ვერსია უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას რუსულ სამიზნეებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, შორ მანძილზე.
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კონგრესი თუ დაამტკიცებს უკრაინის დაფინანსების გაზრდას, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, შეიტანოს „ატაკამსის“ სისტემები გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ერთ-ერთ პირველ პაკეტში. ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ს ასევე მზად აქვს საბრძოლო მასალები და არტილერია დაუყოვნებლივ გასაგზავნად.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებაზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ესენია „სუ-34“-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35 ეს“-ის ტიპის გამანადგურებელი.