მედიის ცნობით, აშშ და ფილიპინები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებენ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ტაივანის სრუტის გარშემო სამდღიანი წვრთნები დაასრულა
აშშ და ფილიპინები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებენ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ტაივანის სრუტის გარშემო სამდღიანი წვრთნები დაასრულა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც მედია წერს, აშშ-ის წვრთნები რეგიონში წინასწარ იყო დაგეგმილი. გასულ თვეს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფილიპინებთან მათი ყოველწლიური წვრთნები იქნება ყველაზე მასშტაბური. წვრთნაში ჩაერთვება 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი, აქედან 12 000 ამერიკელი სამხედროა.
ორკვირიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რა დროსაც ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ.
თებერვალში აშშ-სა და ფილიპინებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ფილიპინურ კუნძულებზე, ჩინეთთან სადავო წყლებთან ახლოს ოთხი ახალი სამხედრო ბაზა შეიქმნება. მათგან სამი ტაივანის სიახლოვეს განთავსდება. ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ვაშინგტონისა და მანილას სამხედრო თანამშრომლობა ტერიტორიულ დავაში არ უნდა ჩაერიოს.