მედიის ცნობით, ანკარა საქართველოსგან სირიაში რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ითხოვს
საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერქან ქურტულუში დააკავეს, რომელიც 2015 წელს სირიაში, რუსი პილოტის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას სააგენტო Hurriyet-ი ავრცელებს.
ქურტულუში, რომელიც ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, თავდასხმისა და შანტაჟის ბრლადებით დააკავეს.
როგორც Hurriyet-ი წერს, გასულ კვირას პოლიციამ თურქეთში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 49 პირი დააკავეს, თუმცა ქურტულუშმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ინტერპოლის ორდერის შემდეგ, პოლიციამ ქურტულუში საქართველოში დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარამ ექსტრადირების შესახებ ქართულ მხარეს თხოვნა უკვე გაუგზავნა.
ქურტულუში ერთ-ერთია 18 ეჭვმიტანილიდან, რომელთაც რუსი პილოტის მკვლელობა ედებათ ბრალად. 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი სირიის სასაზღვრო ზონაში ჩამოაგდო. მფრინავებმა ინციდენტის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს, რის შემდეგაც მათ ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს.