მედიის ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ჯო ბაიდენს რუსეთის შეკავების სტრატეგია შესთავაზეს
მედიის ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ჯო ბაიდენს რუსეთის შეკავების სტრატეგია შესთავაზეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რუსეთის შესაკავებლად ოთხპუნქტიანი სტრატეგია შესთავაზეს. სტრატეგია ითვალისწინებს, როგორც დიპლომატიურ, ისე ეკონომიკურ და სამხედრო ზომებს.
წარდგენილი სტრატეგიის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა უნდა გაზარდოს და უზრუნველყოს საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო და გემსაწინააღმდეგო სისტემებით, ასევე ელექტრონული ომის წარმოების საშუალებებით. ამასთან, აშშ-მა რუსეთს უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარების გაყვანა, მომავალი მოლაპარაკებების გამართვამდე უნდა მოსთხოვოს.
ამერიკელი სენატორების სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მა გერმანიის მთავრობასთან უნდა ითანამშრომლოს და არ დაუშვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვება და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო კოალიცია უნდა ჩამოაყალიბოს.
ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდა, არ წავიდნენ დათმობებზე ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე მიუთითა.