მედიის ცნობით, 20 დღეში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 27 გემმა დატოვა
20 დღეში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 27 გემმა დატოვა, 18 კი შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროს ცნობით, უკრაინული პორტები პირველი აგვისტოდან მოყოლებული 27-მა სატვირთო გემმა დატოვა, რომლებიც 670 ათასი ტონა აგროპროდუქციით იყო დატვირთული.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის პორტებში დასატვირთად 18 გემი შევიდა და ასევე განიხილება 40-მდე გემის განაცხადი.
„უკრაინა იცავს თავის ვალდებულებებს მსოფლიოს წინაშე გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მოკავშირეებს შავ ზღვაში უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.