მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათვე ცნობით, მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ.
„ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების ჩართულობით ჩატარდა ისეთი შემეცნებითი აქტივობები, როგორებიც საინფორმაციო ბანერებისა და ვიდეოების მომზადება, ჯგუფური დავალებები, კინოჩვენებები, დისკუსია და სიმულაციური თამაშები იყო.
ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებმა გუნდურად მოამზადეს პრეზენტაცია და პოდკასტები მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამასთან, მოაწყეს პოსტერების გამოფენა ყალბი ინფორმაციის გავლენისა და მისი აღმოჩენის ხერხების შესახებ. ცალკეულ სკოლებში მედიაწიგნიერების თემატიკაზე მოიხატა სკოლის ეზოები.
2023 წლის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. გარდა ამისა, კვირეულის მანძილზე დაგეგმილია „გამარჯობა, რუბის“ ავტორის და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული ლინდა ლიუკასის შეხვედრები პედაგოგებთან და მშობლებთან, ასევე, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ახალგაზრდებისთვის და მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესორის, რენე ჰობსის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის. კვირეული 31 ოქტომბერს შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოიყვანს და მათი მონაწილეობით პანელურ დისკუსიებს გამართავს.
შეგახსენებთ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და მასწავლებლებში, მოსწავლეებში, მშობლებსა და სტუდენტებში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.