მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ითხოვენ [ვიდეო]

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

ისინი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რათა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვან.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ვახტანგ გომელაურს დღეს მოუსმენენ.

პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ამასთან, დილით პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.