უნგრული მედია - ვიქტორ ორბანმა დაასახელა უნგრეთის ოპონენტები, მათ შორის ჯო ბაიდენი და ჯორჯ სოროსი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ფიდესის“ წევრებთან შეხვედრაზე უნგრეთის ოპონენტები დაასახელა, მათ შორის ჯო ბაიდენი და ჯორჯ სოროსი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პარლამენტის სესიის დაწყებამდე თანაპარტიელებთან დახურული შეხვედრა გამართა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის უმეტესი ნაწილი უკრაინის ომს ეხებოდა. მთავარი თეზისი იყო, რომ ბუდაპეშტმა არ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ამ კუთხით.
ვიქტორ ორბანის მოსაზრებით, ამ ომში გამარჯვებული არ იქნება, რადგან უკრაინის უკან მთელი დასავლეთი დგას, რუსეთი კი ბირთვული სახელმწიფოა და მისი კუთხეში მოქცევა შეუძლებელია.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასუსტდა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია ბრიუსელში თავის ინტერესებს საზღვრების გარეშე ატარებს ევროპული ინტერესების ხარჯზე, შესაბამისად, ომზე გამოხმაურებამ და სანქციებმა ევროპის ეკონომიკა შეასუსტა.
ორბანის შეფასებით, ევროპამ დამოუკიდებლობა, ეკონომიკური და სამხედრო ძალა სულ რაღაც ერთ წელიწადში დაკარგა და ასეთ სიტუაციაში უნგრეთმა საკუთარი ინტერესები უნდა წარმოადგინოს.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთს ოპონენტების სამი ჯგუფი ჰყავს. მისი განმარტებით, პირველი არიან ომის მომხრე საერთაშორისო ჯგუფები, რომლებიც მოიცავს ბაიდენის ადმინისტრაციას, ომის მომხრე ბრიუსელის ბიუროკრატებს; მეორე არის ჯორჯ სოროსი, რომელიც, გამოცემა „მაგიარ ნემზეტის“ ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ წერდა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები უნდა გახდნენ მარიონეტები რუსეთის წინააღმდეგ ომში, რადგან ისინი უფრო ტოლერანტულები არიან იმ ადამიანური მსხვერპლის მიმართ, რაც ომს მოჰყვება, ვიდრე დასავლეთი; როგორც მედია წერს, მესამე ჯგუფში დასახელდნენ „დოლარის მემარცხენეები“, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფერენც დიურჩანი. ორბანის შეფასებით, მათ ფუნტებით ყიდულობენ და აკეთებინებენ მხოლოდ იმას, რასაც მათი კლიენტები მოითხოვენ.