მედია - თურქეთის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა
მედია - თურქეთის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაშარ ალ ასადს შეხვდებოდა, სირიის ლიდერი უზბეკეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის სამიტს რომ დასწრებოდა. თურქული მედიის ცნობით, შესაბამისი სურვილი ერდოღანმა ორშაბათს მმართველი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე გამოთქვა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ გამოცემა „ჰურიეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთის დაზვერვის უფროსი დამასკოში სირიელ კოლეგას რამდენჯერმე შეხვდა.

„ვისურვებდი, რომ ასადი ჩასულიყო უზბეკეთში, მე მას დაველაპარაკებოდი. თუმცა მას არ შეუძლია იქ ჩასვლა. ის ამბოხებულებთან ომზე წავიდა, რათა თავისი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მან აირჩია საკუთარი ძალაუფლების დაცვა. ის ფიქრობდა, რომ დაიცავდა მის მიერ კონტროლირებად რაიონებს. თუმცა მან ვერ დაიცვა დიდი ზონები“, – ციტირებს თურქული გამოცემა ერდოღანის განცხადებას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ანკარასა და დამასკოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სირიის ომის მიმდინარეობას შეცვლის. თურქეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა სირიელი ამბოხებულებისთვის მათ მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ტერიტორიის შენარჩუნებისთვის.