მედია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი სირიასთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი სირიასთან ურთიერთობების განვითარებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ, მოსკოვიდან დაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც მედია ავრცელებს, ბიბილოვის განმარტებით, დე ფაქტო მთავრობა მზადაა სირიას ჰუმანიტარული და პოლიტიკური ხასიათის დახმარება გაუწიოს.
„ახლა მუშავდება საკითხი სირიაში ჩვენი დელეგაციის გამგზავრების შესახებ. ასევე, ვგეგმავთ სირიელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო ნივთების თუ პროდუქციის შეგროვებას. მითუმეტეს, როცა სირიაში ჩვენი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ“, – განაცხადა ბიბილოვმა.
ცოტა ხნის წინ, სირიაში გამგზავრების შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დელეგაციამ გააკეთა. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლიოა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ე.წ. ერთობლივი დელეგაციაც შექმნან.