მედია - დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა [ვიდეო]
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პროპალესტინელები შევიდნენ აეროპორტის ტერმინალში მას შემდეგ, რაც შეიტყვეს ისრელიდან დაგეგმილი ფრენის შესახებ.
თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.
„ისრაელელებისა და ებრაელების გარკვეული რაოდენობა ამჟამად იზოლირებულია და დაცვის ქვეშ იმყოფება აეროპორტში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მგზავრები გაემგზავრონ მოსკოვში, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ. ისრაელის უშიშროების წარმომადგენლები და ისრაელის ელჩი მუშაობენ ადგილობრივი უსაფრთხოების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ისრაელის უშიშროების წარმომადგენელმა.