მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენების შესახებ. ამასთან, მოზარდებმა შექმნეს პოსტერები, განიხილეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ვიდეოები, მოიძიეს ინფორმაცია ფოტომანიპულაციების ამოცნობის შესახებ და მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით ვიდეოპროექტი მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში 2024 წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.
მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, თბილისის 79-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და დეზინფორმაციის თავიდან არიდების გზების შესახებ დისკუსია გამართეს, რის შემდეგაც, ერთობლივად მედიაწიგნიერების იმიტირებული სახელმძღვანელო შეიმუშავეს.
კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს ყოველწლიურად, უკვე მეოთხე წელია, უერთდება, ხოლო მედიაწიგნიერების დღეს საქართველოს სკოლები, მესამე წელია, აღნიშნავენ. მიმდინარე წელს მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვის მიზნით კომუნიკაციების კომისიამ სკოლის მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ გამოაცხადა, რომელშიც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა 500-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ ორ სკოლას კომისია მედიაწიგნიერების თანამედროვე ლაბორატორიას მოუწყობს. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის სოციალური მედიის პლატფორმებზე მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.