მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია შემაჯამებელ კონფერენციას მართავს
კომუნიკაციების კომისია, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელ კონფერენციას მართავს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას.
კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გახსნა და მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მან ასევე, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მედიაწიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მესამე წელია, კომუნიკაციების კომისია და მედიაკადემია ერთობლივად ატარებენ მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს. ეს ემსახურება იმას რომ ქვეყანაში, ახალგაზრდებში და მთლიანად საზოგადოებაში უფრო მეტი ადამიანი გვყავდეს, ვისაც განვითარებული ექნება უნარ-ჩვევები იმისი, რომ ნამდვილი ამბავი გაარჩიოს მოგონილისგან, ყალბი ინფორმაცია გაარჩიოს ნამდვილისგან. მედიაწიგნიერების განვითარებით ვიღებთ უფრო ინფორმირებულ საზოგადოებას, რაც პერსონალურად მათ ეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურად მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განმარტა კახა ბექაურმა.
კონფერენციის გახსნით ნაწილში სიტყვით ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი იესპერ მოლერი და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი წარდგნენ. ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გაუზიარა.
ComCom-ის პროექტების განხილვის შემდგომ მედია და ინფორმაციული წიგნიერების საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიო ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ პანელური სესიაც არის დაგეგმილი, რომელსაც მოდერაციას ComCom-ის წევრი ნათია კუკულაძე გაუწევს. დისკუსიაში ჩაერთვება მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექპსერტი და ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, რომელიც მედიაწიგნიერების განათლების ევოლუციაზე, ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებასა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობაში დაინტერესებული მხარეების როლზე გაამახვილებს ყურადღებას.
დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე იქნება ბრიტანეთის მედია მარეგულირებლის (Ofcom) მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფეი ლანტი, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარებაში მარეგულირებლის როლზე, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე ისაუბრებს.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური სესია, რომლის მოდერატორიც ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი იქნება. სესია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ახალ მედიას შეეხება. დისკუსიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ComCom-ის წევრი ივანე მახარაძე, რომელიც საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, ციფრული მედია არხების რეგულირების ტენდენციებს მიმოიხილავს.
პანელის კიდევ ერთი მონაწილე იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პლატფორმის, 1tvplay.ge-სა და იმ სტრატეგიის შესახებ ისაუბრებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ციფრული მედიაპროდუქტების განვითარების კუთხით აქვს.
დისკუსიაში ჩაერთვება პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძეც, რომელიც ტელევიზიიდან ონლაინ პლატფორმებამდე ტრანსფორმაციის პროცესზე, აუდიტორიის დაინტერესების ეფექტურ მეთოდებსა და ახალ მედიაში მონეტიზაციის შესაძლებლობებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.