მედია - ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა
ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EUObserver-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის (IEEFA) მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ევროპამ რუსული გათხევადებული აირის იმავე რაოდენობის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ იმპორტი გაზარდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, ესპანეთმა და ბელგიამ აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან თხევადი აირის იმპორტი გააორმაგა, საფრანგეთმა კი – 40%-ით გაზარდა.
ინსტიტუტის მონაცემებით, ამ პერიოდში ესპანეთის მიერ შეძენილი გათხევადებული აირის 27% რუსეთიდან არის იმპორტირებული, ბელგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, საფრანგეთის კი – 15%-ს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება განიზრახა.
2022 წლიდან აშშ-დან ევროკავშირში გათხევადებული აირის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და, ბოლო მონაცემებით, ბლოკის აღნიშნული საწვავით მომარაგების 46% სწორედ აშშ-ზე მოდის. გათხევადებული აირის მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს, რომელიც მთელ ევროკავშირში გათხევადებული აირის მიწოდების 12%-ს უზრუნველყოფს. ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირმა რუსული გათხევადებული აირის იმპორტისთვის 5,5 მილიარდი ევრო გადაიხადა.