მედეა ვასაძე - დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას გადაწყვეტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მედეა ვასაძის განცხადებით, რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, შევლენ.
როგორც მან აღნიშნა, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
„ნიკა მელიას ბათუმში ყოფნის დროს ამ თემაზე კონსულტაცია გვქონდა. დიდი ალბათობით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა დაზუსტებით ხვალ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოცხადდება“, – განაცხადა მედეა ვასაძემ.
იმავეს ადასტურებენ სხვა დეპუტატებიც.
„იმედი მაქვს, პარტიის ხვალინდელი გადაწყვეტილება იქნება პრაგმატული. პრაგმატულში კი იმას ვგულისხმობ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ავუხდინოთ მარტო კომფორტულად დარჩენის სურვილი“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 21-დან შვიდი მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. მათგან საბჭოში მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი შევიდა, რომელიც საბჭოში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მოხვდა.