„მედცენტრში“ აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
„მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა.
„ამ დროისთვის, საკმაოდ მძიმეა. აღენიშნება ტრავმული შოკი. პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე.
იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, გადის დამატებით მკურნალობის კურსს“, – განაცხადა დავით ხიმშიაშვილმა.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცოტა ხნის წინ, ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.