მეცნიერთა აზრით, 130 წლის წინ გამოჩენილი „რუსული გრიპი“ შეიძლება კორონავირუსით ყოფილიყო გამოწვეული — #1tvმეცნიერება
1889 წელს, რუსეთში უცნობი რესპირატორული დაავადება გამოჩნდა და მთელ მსოფლიოს მოედო, რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიწვია ინფექციის სულ მცირე სამი ტალღა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს დაავადება, რომელსაც „რუსული გრიპი“ უწოდეს, სინამდვილეში შეიძლება COVID-19-ის ამჟამინდელი პანდემიის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის მსგავსი კორონავირუსი ყოფილიყო.
ამ ორ პანდემიას შორის რამდენიმე ადვილად გასავლები პარალელია. მაგალითად, რუსული გრიპის პანდემიისას, დიდი ოდენობით ინფიცირებული ადამიანის გამო დაიხურა სკოლები და სამუშაო ადგილები. ინფიცირებულები ხშირად კარგავდნენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას, ზოგიერთი სიმპტომი კი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
ზოგადად, რუსული გრიპი უფრო მეტად ხანდაზმულებს კლავდა, ვიდრე ბავშვებს, რაც მას გრიპის ვირუსისგან განასხვავებდა, რომელიც ერთნაირად ფატალური შეიძლება იყოს ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამის შესახებ მიუთითებს ისტორიული ჩანაწერები, მათ შორის სამთავრობო ჯანდაცვის ჩანაწერები, გაზეთები და ჟურნალები.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული გრიპის პანდემია ასეთი მახასიათებლებით ძლიერ ჰგავდა ამჟამინდელ პანდემიას, ნიუ-იორკის მაუნთ-სინაის აიკაჰნის სამედიცინო სკოლის პროფესორი პიტერ პალესი The New York Times-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ძლიერ სპეკულაციურია იდეა იმის შესახებ, რომ რუსული გრიპიც კორონავირუსით ყოფილიყო გამოწვეული.
ზოგიერთი მკვლევარიც ამ აზრზეა, მაგრამ ზოგიც ფიქრობს, რომ ამ იდეის მხარდამჭერი ზოგიერთი მყარი მტკიცებულების მიუხედავად, ის ჯერ მაინც არ გვიპოვია.
ასეთ მტკიცებულებებს ეძებენ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ვირუსული პათოგენეზისისა და ევოლუციის განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეფრი ტობენბერგერი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორ-ემერიტუსი ჯონ ოქსფორდი.
მათ დეტალურად შეისწავლეს 1918 წლის გრიპის პანდემიამდელი ფილტვის ქსოვილების ნიმუშები, რომლებჩის გრიპისა და კორონავირუსების ნარჩენებს ეძებდნენ. იმედოვნებენ, რომ ამ ქსოვილებში მოუხელთებელი რუსული გრიპის ვირუსის ნიშნებს იპოვიან.
ამ მიზნით, იმავე პერიოდის ფილტვის ქსოვილებს სხვა მეცნიერებიც სწავლობენ.
თუ დღემდე შემონახულ ამ ნიმუშებში რუსული გრიპის ვირუსის ნიშნები აღმოჩნდება, შეიძლება მიგვანიშნოს ისიც, როგორ დასრულდა პანდემია, რადგან იმ დროის მედიაში ცნობები ამის შესახებ ძალიან მწირია.
მკვლევართა აზრით, თუ მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩენილი პანდემია კორონავირუსით იყო გამოწვეული, ის შეიძლება დღემდე ცირკულირებდეს და წარმოადგენდეს ერთ-ერთს იმ ოთხი კორონავირუსიდან, რომლებიც დღეს ჩვეულებრივ გაციებას იწვევენ და არა მწვავე დაავადებას.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.