სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები საფუძველია მოდერნიზაციის ახალი ტალღისთვის, – ამის შესახებ ფრანგმა მეცნიერმა და მკვლევარმა, ჰაროლდ ეპინეზმა განაცხადა, რომელმაც 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგები წარადგინა.
ჰაროლდ ეპინეზი ექსპერტების საერთაშორისო ქსელის „ამიკუს კურიაეს“ (AmicusCuriae) აღმასრულებელი დირექტორი და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორია. რა შედეგები მოიტანა სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ და რა მიმართულებით არის საჭირო შემდგომი ცვლილებები სასამართლოში – ამ ჭრილში „იფსოს ფრანსის“ (IPSOS France), „ამიკუს კურიაეს“ (AmicusCuriae) და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის შედეგები განიხილეს, რომლის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტის დასკვნების თანახმად, გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა ის პოზიტიური გავლენა, რაც საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოახდინა მართლმსაჯულებაზე. პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2013-2017 წლებში ჩატარებული სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა.
„სასამართლოსთან უშუალო შეხების შემდეგ მოქალაქეს მისი დამოუკიდებლობის მიმართ აზრი უკეთესობისკენ ეცვლება, რაც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ არსებობს სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების შესაძლებლობა; სასამართლოს მომხმარებელთა – მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა აზრი რიგ საკითხებში განსხვავებულია, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას ყველა ჯგუფი დადებითად აფასებს“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ამასთან, დასკვნის თანახმად, საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78 პროცენტი; პროკურორთა 88 პროცენტი და ადვოკატთა 52 პროცენტი.
„მოსამართლეთა მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი შეფასება და საკუთარი სტატუსისა და პოზიციის პოზიტიური აღქმა ასახავს მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სიტემის რეფორმაში ჩადებულ ძალისხმევას და „უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობისათვის“.
მოსამართლეთა 75 პროცენტზე მეტის აზრით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აგრეთვე, სასამართლოს მენეჯმენტი, პატივს სცემს სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას; მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54 პროცენტს, რაც, ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას სასამართლო პროცესების გაშუქებისას;
სასამართლოს სერვისების მომხმარებელთაგან ყველაზე კრიტიკული შემფასებლებიც კი − ადვოკატები, აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მათი როლი სამართალწარმოების პროცესში გაიზარდა, მათი 89 პროცენტი კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმით და რეფორმაზე მუშაობის პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობით“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
ამასთან, პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქმიანი წრეების (ბიზნესის) წარმომადგენლების გამოკითხვისას გამოვლენილ ტენდენციებსაც.
როგორც აღინიშნა, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცები:
„სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა;
პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა; ეს ყველაფერი კი, უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე; აგრეთვე, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში“.
ასევე, მკვლევარის შეფასებით, სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები შეიძლება, იყოს მოდერნიზაციის ახალი ტალღის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოება სასამართლოში − ციფრული მომსახურების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში პლურალიზმის წახალისება; ბიზნესისთვის დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი და სანდო მექანიზმის დანერგვა და სხვა, რაც არის კიდეც ინიცირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ (არბიტრაჟის განვითარება, მედიაციის განვითარება).
კვლევის – „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“ (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი) შედეგების პრეზენტაცია 2019 წლის თებერვალში გაიმართა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „იფსოს ფრანსმა“ (IPSOS France), „ამიკუს კურიაემ“, პროფესორმა, იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა შემდეგი: საქართველოში მოსახლეობის 51 პროცენტი აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52 პროცენტია; სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55 პროცენტს შეადგენს.
„პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57 პროცენტით აზრით, სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74 პროცენტი);
საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;
სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ, ასევე, პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:
რესპონდენტთა 51 პროცენტი საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს; მოსახლეობის 52 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო; მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67 პროცენტი); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%პროცენტი) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57 პროცენტი); დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55 პროცენტი; რესპონდენტთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა; რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42 პროცენტი), ისე არ ეთანხმება (45 პროცენტი) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას; რესპონდენტთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან.
ამასთან, ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68 პროცენტი), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65 პროცენტი), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65 პროცენტი); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64 პროცენტი), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61 პროცენტი).
სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52 პროცენტის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას; სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49 პროცენტის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე; სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47 პროცენტის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა; სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46 პროცენტის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39 პროცენტის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში; რესპონდენტთა ერთი მესამედი (35 პროცენტი) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე; რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85 პროცენტი) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.