მეცნიერებმა უძველესი ევროპული ბეწვიანი მარტორქის გენები აღადგინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გადაშენებული ბეწვიანი მარტორქის (Coelodonta antiquitatis) მიტოქონდრიული გენომი სრულიად მოულოდნელი წყაროდან აღადგინეს — მღვიმის იმ აფთრების (Crocuta crocuta spelea) განმარხებულ ფეკალიებში მოპოვებული დნმ-დან, რომლებსაც ეს მარტორქა ჰყავდათ შეჭმული.
ეს ბეწვიანი მარტორქების პირველი გენომია, რომელიც ევროპაში აღადგინეს; აქამდე, ამ სახეობის ყველა მონაცემი ციმბირიდან გვქონდა. ამიტომ, ამ მიღწევამ შეიძლება გარკვეული მინიშნებები მოგვცეს მარტორქების ჯოგებს შორის რეგიონულ სხვაობათა შესახებ. ამავე დროს, ნიშნავს იმასაც, რომ განმარხებული ფეკალიები, იგივე კოპროლიტები, შეიძლება ფრიად ღირებული წყარო იყოს.
„ამ შემთხვევაში წარმოებული მიტოგენომური წყებები ევროპული ბეწვიანი მარტორქის პირველი მიტოგენომური ჩანაწერებია და შესაბამისად, არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც პლეისტოცენის ეპოქის მეგაფაუნის ამ საკულტო სახეობის ფილოგეოგრაფიის დადგენაში უნდა დაგვეხმაროს“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ნიმუშები სხვა სახეობის კოპროლიტისგან შედარებით მარტივად მივიღეთ (ესე იგი, საჭირო არ იყო პირდაპირ ბეწვიან მარტორქასთან დაკავშირებული ნარჩენები), ხაზს უსვამს ფართო სპექტრის მასალებიდან გენომური მონაცემების მიღების მნიშვნელობას.
კოპროლიტები, ანუ განმარხებული ფეკალიები, ნამდვილი ისტორიული ოქროს საბადო აღმოჩნდა. კოპროლიტებიდან შეიძლება გავარკვიოთ, რას ჭამდა წარსულში ხალხი და ცხოველები, დავადგინოთ, რა პარაზიტებით იყვნენ ინფიცირებული და შევისწავლოთ ადამიანის ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებიც კი.
გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც მოლეკულური ბიოლოგი პიტერ ანდრეას სიბერი ხელმძღვანელობდა, გერმანიის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი შუა პლეისტოცენის პერიოდის აფთრების განმარხებული ფეკალიები შეისწავლა; ეს ეპოქა დაახლოებით 300 0000 წლის წინ დაიწყო და 30 000 წლის წინ დასრულდა.
მღვიმეში აღმოჩენილი ეს კოპროლიტები სამუზეუმო კოლექციაში ინახებოდა, როგორც სხვა მრავალი კოპროლიტი. შარშან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მუზეუმებში დაცული კოპროლიტები გამორჩენილი და არასათანადოდ გამოყენებული რესურსია ჩვენი პლანეტის ბიოლოგიური ისტორიის შესწავლაში.
სიბერმა და მისმა კოლეგებმა კოპროლიტის შიგნიდან მასალის გამოსაღებად სპეციალური ხელსაწყო გამოიყენეს, დნმ წასაკითხად მოამზადეს და შედეგებს დნმ-ის სეკვენირება ჩაუტარეს.
დნმ დეგრადირებული იყო, მაგრამ მკვლევრებმა მაინც შეძლეს როგორც მღვიმის აფთრის, ისე ბეწვიანი მარტორქის გენეტიკური მასალების აღდგენა. შემდეგ ის სხვა გენომებს შეადარეს, როგორც თანამედროვეს, ისე უძველესს.
მიუხედავად იმისა, რომ მარტორქის დნმ მხოლოდ ერთი ნიმუშიდან მოიპოვეს, მან მაინც რაღაც ახალი უთხრა მეცნიერებს ამ სახეობისა და ევრაზიაში მისი დივერსიფიცირების შესახებ.
უფრო მეტიც, აფთრის მიერ შეჭმულ ევროპულ მარტორქასა და ციმბირულ მარტორქებს შორის საკმარისი სხვაობები აღმოჩნდა, რათა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა ჯგუფმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო ერთმანეთისგან გამიჯვნა. ევროპულმა მარტორქებმა გაყოფა დაახლოებით 2,5 მლნ – 150 000 წლის წინ დაიწყეს.
ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, გვიანდელ პლეისტოცენში, მარტორქებმა დასავლეთ ევროპაში რამდენჯერმე განიცადეს გაფართოება.
ამ უძველესი, ჯადოსნური მარტორქების დნმ-ის შემდეგში კიდევ აღდგენა და ანალიზი ალბათ უფრო მეტს გვეტყვის მათი ისტორიის შესახებ.
კვლევა Biology Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.