მეცნიერებმა თაგვებს ადამიანის თავის ტვინის მცირე ნაწილები გადაუნერგეს
მეცნიერებმა თაგვებს ადამიანის თავის ტვინის მცირე ნაწილები გადაუნერგეს

კალიფორნიაში, სალკის ბიოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდები, რომელთა ზომა ბარდის მარცვალს არ აღემატებოდა, თაგვებს გადაუნერგეს, შემდეგ კი გამჭვირვალე საფარით დახურეს. პროცედურის დასრულების შემდეგ, თაგვები ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულად იქცეოდნენ, ადამიანის თავის ტვინის ნაწილები კი თვეების განმავლობაში მარაგდებოდა სისხლითა და საკვები ნივთიერებებით.

ადამიანის ცერებრალური (ტვინის) ორგანოიდები მკვლევრებმა შიზოფრენიის შესასწავლად შექმნეს, თუმცა ამ მეთოდს შესაძლოა, მომავალში უფრო მრავალმხრივი გამოყენება მიეცეს. მაგალითად, შეიძლება, მან ფართო გამოყენება ჰპოვოს თავის ტვინის დაზიანებისა და განვითარების პრობლემის მქონე პაციენტთა მკურნალობაში.

ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდები მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან პირველად 2013 წელს შექმნეს. ამის შემდეგ, მეცნიერები მას იყენებდნენ ისეთი პათოლოგიების შექმნისა და დაკვირვებისთვის, რომლებიც ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ორგანოიდთა დახმარებით გაარკვევენ, როგორ ვითარდება ადამიანის თავის ტვინი ნორმალურად და როდის წარმოიქმნება პრობლემები.

წინა მცდელობებისას, ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდები ხუთ კვირაზე მეტხანს ვერ ძლებდა. ამ დროის შემდეგ, საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი ყველაზე შიდა უჯრედებამდე ვეღარ აღწევდა. ტვინის ორგანოიდებს მეცნიერები ლაბორატორიაში 50 დღის განმავლობაში ზრდიდნენ. როცა ყველაფერი მზად იყო, თაგვების ტვინიდან ამოიღეს მცირე ქსოვილები და ახალი იმპლანტისთვის ადგილი გაათავისუფლეს. გადანერგვის შემდეგ, ზონა გამჭვირვალედ დაფარეს. 2-12 კვირის განმავლობაში, ორგანოიდები ჩვეულებრივ იღებდა საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს სისხლის მიმოქცევის სისტემით და წარმოქმნიდა ახალ ნეირონებს.

საბოლოო ჯამში, თაგვებში გადანერგილმა ორგანოიდებმა 233 დღეს გაძლო.

ექსპერიმენტი ბიოეთიკურ შეშფოთებას იწვევს: შეცვლის თუ არა ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდები თაგვების ცნობიერებას ან იდენტობას?

როგორც აღნიშნული ლაბორატორიის მკვლევრებმა დაადგინეს, გადანერგვის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე თაგვები არაფრით განსხვავდებოდნენ ლაბორატორიის ჩვეულებრივი თაგვებისგან. როცა მკვლევრებმა მათ მეხსიერების ტესტი ჩაუტარეს, ის თაგვები, რომლებსაც ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდები ჰქონდათ გადანერგილი, შედარებით ცოტა შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ 2 დღის შემდეგ, ისინი კვლავ ჩვეულებრივი თაგვების მსგავსნი გახდნენ.

თაგვებში გადანერგილი ადამიანის თავის ტვინის ორგანოიდი

მომზადებულია Popular Mechanics-ის მიხედვით