მეცნიერებმა სხეულის სუნის გამომწვევი უძველესი ფერმენტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნიკალური ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია იმ სპეფიციკურ, სახასიათო სუნზე, რომელსაც სხეულის სუნს ვუწოდებთ.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარსულში უკვე დაადგინეს, რომ სხეულის სუნის რეალური გამომწვევია იღლიის ბინადარი რამდენიმე ბაქტერია. ამჯერად, კომპანია Unilever-ის მეცნიერებთან ერთად ამავე ჯგუფმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და აღმოაჩინა უნიკალური, „სხეულის სუნის ფერმენტი“, რომელიც მხოლოდ ამ ბაქტერიებში გვხვდება და პასუხისმგებელია იღლიისათვის დამახასიათებელ სუნზე.
ახალი კვლევა აჩვენებს, როგორ გახდნენ კონკრეტული ბაქტერიები ფერმენტებში სპეციალიზებული, რათა წარმოქმნან ის საკვანძო მოლეკულები, რომლებსაც ჩვენ სხეულის სუნად აღვიქვამთ.
კვლევის ავტორის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრის, მიშელ რადენის განცხადებით, „სხეულის სუნის ფერემენტის“ სტრუქტურის დადგენით მათ შეძლეს გარკვეულ ბაქტერიებში მიმდინარე მოლეკულური პროცესების გარკვევა, რომელთა შედეგადაც წარმოიქმნება სუნის მოლეკულები. მისივე თქმით, ეს საკვანძო მიღწევაა იმის დასადგენად, როგორ მუშაობს სხეულის სუნი, რაც თავის მხრივ, საშუალებას იძლევა შეიქმნას მიზნობრივი ჩამხშობები, რომლებიც სხეულის სუნის წარმოების წყაროს იღლიის მიკრობიომის მოშლის გარეშე შეაჩერებს.
იღლიაში ბაქტერიების მრავალფეროვანი საზოგადოება ბინადრობს, რაც თქვენი კანის ბუნებრივი მიკრობიომის ნაწილია. ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სხეულის სუნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიკრობია Staphylococcus hominis-ი.
გარდა ამისა, მკვლევრები აცხადებენ, რომ სხეულის სუნის ეს ფერმენტი ბაქტერია Staphylococcus hominis-ში ჰომო-საპიენსის, როგორც სახეობის გამოჩენამდეც არსებობდა; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხეულის სახასიათო სუნი თანამედროვე ადამიანთა ევოლუციამე არსებობდა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა პრიმატების სოციალურ კომუნიკაციაში.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.