მეცნიერებმა შექმნეს კანზე „დასაწებებელი ვაქცინა“, რომელიც ნემსზე უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა შექმნეს მიკრონემსებიანი „დასაწებებელი ვაქცინა“, რომელმაც გაცილებით დიდი იმუნური პასუხი უნდა წარმოქმნას, ვიდრე ტრადიციულმა ნემსმა; თანაც, ნემსთან დაკავშირებული პოტენციური ტკივილისა და მღელვარების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ დასაწებებელ მიკრონემსებზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინარეობს, მათი ფართომასშტაბიანი წარმოება რთული აღმოჩნდა. გარდა ამისა, შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს ერთსა და იმავე დასაკრავზე სხვადასხვა ტიპის ვაქცინის მორგება.
ახალმა კვლევამ ეს პრობლემები 3D ბეჭდვის მეთოდით დაძლია, რომელსაც თხევადი ინტერფეისის უწყვეტ წარმოებას (CLIP) უწოდებენ; დასაწებებლების შესაქმნელად ეს მეთოდი იყენებს ულტრაიისფერ სინათლეს და სპეციალურ ფისს. შედეგად, მიუხედავად რაოდენობისა, დასაკრავები არის შესაბამისი ზომის, ფორმის და ნემსებიც შესაფერისად არის განლაგებული.
„ჩვენმა მიდგომამ მიკრონემსების პირდაპირ 3D ბეჭდვის საშუალება მოგვცა, რაც საუკეთესო მიკრონემსების წარმოების საშუალებას გვაძლევს ეფექტიანობისა და ფასის თვალსაზრისით“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი შაომინ ტიანი.
მკვლევართა განცხადებით, დასაწებებელი მიკრონემსების წარმოების სიმარტივე და სისწრაფე შეიძლება მათი ფართო გამოყენებაში დანერგვის გარანტი აღმოჩნდეს. გარდა იმისა, რომ საჭირო აღარ იქნება ტრადიციული ნემსები, ამ დასაწებებლების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათი გაკეთება ადამიანს დამოუკიდებლად, თავად შეუძლია — ვაქცინის გასაკეთებლად არ დაგჭირდებათ ექიმი ან ექთანი.
იმიტომ, რომ მოკლე ნემსები მხოლოდ კანის ზედა ფენაში ჩადის და არა კუნთოვან ქსოვილში, ტრადიციული ვაქცინების მსგავსად.
პრეპარატი პირდაპირ ხვდება კანის იმუნურ უჯრედთა სიახლოვეს, რაც ვაქცინისთვის ბრწყინვალე რამ არის. მიღების უფრო ეფექტიანი სისტემის წყალობით, შესაძლებელია დოზირების შემცირებაც.
ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებულ ცდებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დასაწებებლის მიერ წარმოქმნილი T-ლიმფოციტების და ანტიგენ-სფეციფიკური ანტისხეულების პასუხი დაახლოებით 50-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ტრადიციული, კუნთში გასაკეთებელი ვაქცინების შემთხვევაში.
„ვაქცინის მოდელი კომპონენტების გამოყენებით ვაჩვენეთ, რომ 3D დაბეჭდილი მიკრონემსის კანში გაკეთებამ უფრო ძლიერ გაააქტიურა იმუნური უჯრედები, წარმოქმნა უფრო მძლავრი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხები, ვიდრე ტრადიციული გზით გაკეთებულმა ვაქცინებმა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი დიზაინი და მიდგომა შეიძლება მოერგოს გრიპის, ჰეპატიტების და COVID-19-ის ვაქცინებს. ტრანსპორტირებისათვის საჭირო არ არის სპეციალური პირობები ან მაცივარი, რამაც შეიძლება, ვაქცინაციის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაზარდოს. დასაწებებლებში შესაძლებელია ბოლო მიღწევების გამოყენებაც — რამდენიმე სხვადასხვა პრეპარატის კომბინირება ერთ დასაკრავში.
მიუხედავად იმისა, რომ დასაწებებლები ადამიანებზე ჯერ არ შემოწმებულა, თუ ისინი ჩვენშიც ისეთივე ეფექტიანი აღმოჩნდა, როგორც თაგვებში, სამომავლოდ, ეპიდემიებსა და პანდემიებს ვაქცინით გაცილებით სწრაფ და ეფექტიან პასუხს გავცემთ.
მკვლევრები მუშაობას აგრძელებენ და ამჯერად, ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება მოათავსონ რნმ ვაქცინები (Pfizer-ისა და Moderna-ს კოვიდვაქცინები) დასაწებებელ მიკრონემსებში.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ ტექნოლოგიის შექმნით საძირკველს ვუყრით ვაქცინების უფრო სწრაფ გლობალურ განვითარებას, დაბალ დოზებს, თანაც, ტკივილის შეგრძნებისა და მღელვარების გარეშე“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ქიმიკოს-ინჟინერი ჯოზეფ დესიმონე.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია unc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.