ახლად დაბადებული ცხენი, სახელად კურტი, მისი სახეობის გადარჩენის ახალი იმედია. ის 2020 წლის 6 აგვისტოს დაიბადა და მსოფლიოში პირველი წარმატებულად კლონირებული პრჟევალსკის ცხენია — ცენტრალური აზიის სტეპებში გავრცელებული ველური ცხენის საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.
კურტის შესახებ კიდევ უფრო ამაღელვებელი დეტალი ის არის, რომ მისი კლონირება 40 წლის წინ კრიოკონსერვირებული გენეტიკური მასალისგან შეძლეს. შედეგად, გაცოცხლდა ათწლეულების წინ გამქრალი გენეტიკური მრავალფეროვნება.
„ეს კვიცი გენეტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდია ამ სახეობაში. იმედი გვაქვს, რომ ის დააბრუნებს პრჟევალსკის ცხენის პოპულაციის მომავლისთვის მნიშვნელოვან გენეტიკურ სახესხვაობას“, — ამბობს ორგანიზაცია სან-დიეგო ზოო გლობალის სამეცნიერო ოფიცერი, ზოოლოგი ბობ ვაისი.
პრჟევალსკის ცხენები (Equus ferus przewalskii) გადაშენების პირას არიან. სტეპების ადგილობრივი პოპულაციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დრამატულად შემცირდა. მიზეზი მრავალი იყო — ნადირობა, კონკურენცია შინაურ პირუტყვთან, რადგან ადამიანები მათ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მკაცრი ზამთრები და ა. შ.
ველურ ბუნებაში პრჟევალსკის ცხენი ბოლოს 1969 წელს დააფიქსირეს.
საბედნიეროდ, მცირე ოდენობის ცხენები შემორჩა ზოოპარკებში. 1899-1902 წლებში დაჭერილი 11 და 1947 წელს დაჭერილი 1 ველური პრჟევალსკის ცხენებით დაწყებული ტყვეობაში გამრავლების პროგრამის წყალობით, დღეს მსოფლიოში მათი რაოდენობა დაახლოებით 2000 ინდივიდია.
რაოდენობა შთამბეჭდავია, მაგრამ პოპულაციის ზრდას თან ახლავს მრავალი პრობლემა.
აღნიშნული 12 წინაპარი ცხენი პოპულაციის ე. წ. ბოთლის ყელს, ვიწრო გასავლელს წარმოადგენდა, როდესაც სახეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ამ მომენტიდან შესაძლებელია პოპულაციის აღდგენა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დაიწყოს დასასრული.
ამის ერთ-ერთი მიზეზი მცირე გენეტიკური მრავალფეროვნებაა. ნაკლები მრავალფეროვნებით პოპულაციას უფრო ნაკლებად ძალუძს სტრესფაქტორებთან და საკუთარი გარემოს ცვლილებასთან შეგუება.
გარდა ამისა, მცირე პოპულაცია განიცდის გენების დრეიფს — გენეტიკური ელემენტების შემთხვევით რყევებს პოპულაციაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოპულაციაში იკარგება გარკვეული თვისებები, რასაც მოსდევს მრავალფეროვნების შემცირება.
ამას გარდა, გენეტიკურად მსგავს პატარა პოპულაციებს ურთიერთშეჯვარების (ინბრიდინგი) მეტი შანსი აქვთ, რაც იწვევს ინბრიდინგულ დეპრესიას, ამას კი მოსდევს პოპულაციაში არასასურველ თვისებათა გავრცელება და გრძელვადიანი გადარჩენის ალბათობის კვლავ შემცირება.
მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობაში გამრავლების პროგრამებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, პრჟევალსკის ცხენების ირგვლივ უფრო მეტმა პრობლემამ იჩინა თავი. ზოგიერთმა ეს სახეობა შინაურ ცხენთან შეაჯვარა. ასე დაბადებული ნაშიერები საკმაოდ საკამათო იყო და „სუფთა“ პრჟევალსკის ცხენი ქვეპოპულაციებად დაიყო, რამაც გენების დრეიფი კიდევ უფრო გაამწვავა.
ასეთ სიტუაციაში, საქმეში ჩართეს პრჟევალსკის ცხენი, სახელად კუპოროვიცი, რომელიც 1975-1998 წლებში ცხოვრობდა. ტყვეობაში მყოფი ამ ინდივიდის გენეალოგიური ანალიზებით დადგინდა, რომ კუპოროვიცის გენომს უნიკალური წარმომავლობა ჰქონდა ორი ველური ინდივიდისგან.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის გაცილებით მეტ გენეტიკურ მრავალფეროვნებას გვთავაზობდა, ვიდრე რომელიმე მისი ცოცხალი ნათესავი. შესაბამისად, 1980-იან წლებში მეცნიერებმა მისი ნიმუშები აიღეს და სან-დიეგო ზოოს ლაბორატორიაში გაყინეს.
კუპოროვიცს მამალი ნაშიერი ბუნებრივადაც გაუჩნდა, მაგრამ ახლა, მისი ამ ნაშიერის სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ დაბადებული კურტი წარმოადგენს პირდაპირ კუპოროვიცის გაცოცხლებულ გენეტიკურ მასალას.
კუპოროვიცის გენეტიკური მასალით ემბრიონის შესაქმნელად, სან-დიეგო ზოო თანამშრომლობდა ველური ბინების კონსერვაციის ჯგუფ Revive & Restore-თან და შინაური ცხოველების კლონირების კომპანია ViaGen Equine-თან.
ეს ემბრიონი სუროგატ შინაურ ცხენს (Equus ferus caballus) გადაუნერგეს. მაკეობამ ნორმალურად ჩაიარა და დაიბადა ჯანმრთელი ნაშიერი, რომელსაც ორგანიზაციის დამფუძნებლის, კურტ ბენერსკეს სახელი დაარქვეს.
„პრჟევალსკის მამალი კვიცი სრულიად ჯანმრთელი და რეპროდუქციულად ნორმალური დაიბადა“, — ამბობს ViaGen Equine-ის უფროსი სამეცნიერო ოფიცერი შოუნ უოლკერი.
ახლა კურტი არა მხოლოდ საკუთარი სახეობის იმედია, არამედ მსოფლიოს სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისაც, რადგან წარმოაჩენს შენახული გენეტიკური მასალის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას.
წარსულში უკვე განახორციელეს ხარების კლონირება 13 წლით ადრე გაყინული გენეტიკური მასალით. 20 წლით ადრე გაყინული სპერმის გამოყენებით ასევე გამოიყვანეს საფრთხის ქვეშ მყოფი შავფეხა ქრცვინები.
კომპანია Revive & Restore მუშაობს შავფეხა ქრცვინების პოპულაციის გაზრდაზეც. მათი ყველაზე დიდი მიზანი კი ბეწვიანი მამონტების კლონირებაა. რა თქმა უნდა, 40 და 4 000 წელიწადს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ხშირად სწორედ პატარა ნაბიჯი ხდის დიდ მიზანს განხორციელებადს.
რაც შეეხება კურტს, პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ის 5-10 წელიწადში მსოფლიოში პირველი კლონირებული პრჟევალსკის ულაყი გახდება, წარმატებით შეჯვარდება და უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საკუთარი სახეობის გენეტიკურ გამრავალფეროვნებაში.
მომზადებულია zoo.sandiegozoo.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.