მეცნიერებმა ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი გადაიღეს — #1tvმეცნიერება
15:57, 03.04.2023
იაპონიის სიახლოვეს, ზღვის სიღრმეში 8336 მეტრზე, მეცნიერებმა ფოტოზე ზღვის ლოკოკინა თევზი აღბეჭდეს. შედეგად, ის გახდა თევზი, რომელიც ამ დროისათვის ზღვაში ყველაზე დიდ სიღრმეშია გადაღებული.
BBC News-ის ცნობით, აქამდე ეს რეკორდი მარიანას ღრმულის მიდამოებში იყო დაფიქსირებული, 8178 მეტრის სიღრმეში.
იძუ-ოგასარავას ღრმულში მეცნიერებმა ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც ზღვის ლოკოკინა თევზი ისეთ სიღრმეზე გადაიღო, რომელიც მეცნიერთა აზრით, მაქსიმუმია ნებისმიერი თევზისთვის არსებობისთვის.
„თუკი ეს რეკორდი მოიხსნება, ეს იქნება მხოლოდ მცირედით, ალბათ მხოლოდ რამდენიმე მეტრით“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ღრმა ზღვის მეცნიერი, პროფესორი ალან ჯეიმსონი.
ეს ზღვის ლოკოკინა სახეობა Pseudoliparis-ის ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო. ოდნავ უფრო მაღლა, 8022 მეტრის სიღრმეზე, მეცნიერებმა სხვა რამდენიმე თევზიც გადაიღეს, რომლებიც სახეობა Pseudoliparis belyaevi-ს ეკუთვნოდნენ.
ყველაზე ღრმად თევზის გადაღების წინა რეკორდი 2014 წელს დამყარდა, მარიანას ღრმულში; მეცნიერებმა იქ მარიანას ზღვის ლოკოკინა გადაიღეს. ზღვის ლოკოკინები ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილში ბინადრობენ, რომელსაც ჰადალურ ზონას უწოდებენ; ეს ზონა 600 – 11000 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება და იქ მზის სინათლეც ვერ აღწევს.
მას შემდეგ, ჯეიმსონი ვარაუდობდა, რომ ზღვის ლოკოკინები უფრო ღრმადაც შეიძლება ყოფილიყვნენ, ვიდრე მარიანას ღრმულში ნახეს, რადგან იძუ-ოგასარავას ღრმულში უფრო თბილი წყალია.
„ვპროგნოზირებდით, რომ იქ ვნახავდით ყველაზე ღრმად ბინადარ თევზს და ის ზღვის ლოკოკინა იქნებოდა“, — იხსენებს ჯეიმსონი.