მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლითაც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაზარდეს
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლითაც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაზარდეს

მეცნიერები ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებზე, რათა სიცოცხლე თუნდაც მცირე ხნით გაგვიხანგრძლივონ. თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგები დადო — ჰიპერგრძელი ტელომერების წყალობით, სიცოცხლის გახანგრძლივება მოხერხდა.

ტელომერები დნმ-ის მასალის განმეორებადი ფრაგმენტებია, რომლებიც ჩვენი სხეულის უჯრედების ყოველი ქრომოსმომის წვერზე არიან მოთავსებული. დნმ-ის რეპლიკაციისას, მაგალითად, უჯრედის გაყოფის დროს, ეს ტელომერები ყოველ ჯერზე სულ უფრო მოკლდება, რადგან დნმ-ის კვლავწარმოება ქრომოსომის წვერის ბოლომდე ვერ აღწევს.

მათი არსებობა ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს, იცავს ჩვენს ქრომოსომებში არსებულ გენეტიკურ მასალას; მოკლე ტელომერები მიუთითებს, რომ უჯრედები უკვე დაბერებულია. მართლაც, რაც უფრო გვემატება ასაკი, ტელომერები სულ უფრო მოკლდება. სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ ჩატარებულ მრავალ კვლევაში მთავარი მიზანი სწორედ ტელომერების სიძლიერისა და სიჯანსაღის შენარჩუნება იყო რაც შეიძლება დიდი ხნით.

ამ დრომდე, ეს კვლევები გენების ექსპრესიის შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში გენების არანაირი მოდიფიცირებისთვის არ მიუმართავთ. ნაშრომი ეფუძნება წინა კვლევას, რომელშიც ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ პლურიპოტენციალური ღეროვანი უჯრედების სტიმულირებისას, ლაბორტაორიაში, პეტრის თეფშზე გაყოფისას მათ საოცრად გრძელი ტელომერები რჩებათ, ნორმალურზე ორჯერ გრძელი.

ტელომერების ასეთივე დაგრძელება ხდება ამავე გზით დამუშავებულ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში. შესაბამოსად, ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიყენეს ასეთი ორმაგი სიგრძის ტელომერების მქონე ემბრიონული უჯრედები და გამოიყვანეს ქიმერული თაგვები გენეტიკური მოდიფიცირების გარეშე.

ესპანეთის კიბოს კვლევების ეროვნული ცენტრის (CNIO) მოლეკულური ბიოლოგის, მარია ბლასკოს განცხადებით, ეს აღმოჩენა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, როცა საქმე ეხება სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრას, მხედველობაში მხოლოდ გენები როდი უნდა მივიღოთ. მისი თქმით, არსებობს სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა გზებიც, გენების შეცვლის გარეშე.

ექსპერიმენტმა გაამართლა — გრძელი ტელომერის მქონე თაგვმა საშუალოდ 24 პროცენტით უფრო დიდხანს იცოცხლა, იყო უფრო გამხდარი და ჰქონდა კიბოს განვითარების დაბალი რისკი. მკვლევართა განცხადებით, გაირკვა, რომ დაბალი იყო მეტაბოლური დაბერების სხვადასხვა მაჩვენებლებიც.

გარდა ამისა, ამ თაგვებს ორგანიზმში დაბალი ჰქონდათ „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, მათი დნმ კი ისე არ იყო დაზიანებული, როგორც ეს ცხოველებში დაბერებისას ხდება. ამავე დროს, უკეთესად ფუნქციონირებდა მათი მიტოქონდრიებიც.

კვლევის შედეგები დაემთხვა ამავე ჯგუფის მიერ ჩატარებული წინა კვლევისას, რომელშიც თაგვების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საკმარისი აღმოჩნდა ტელომერის დამაგრძელებელი ფერმენტის, ტელომერაზის დაგრძელება.

მიუხედავად ასეთი იმედისმომცემი შედეგებისა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს შედარებით პატარა კვლევა ეხება თაგვებს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ადამიანებშიც იგივე შედეგი ექნება და სულ მალე, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.

თუმცა, ამ კვლევის ამაღელვებელმა შედეგებმა აჩვენა ძლიერი კავშირი ცხოველებში ტელომერების სიგრძესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ამ კავშირის უკეთ კვლევისა და გამოყენებისთვის.

სამყაროში, რომელშიც ჩვენს უჯრედებს თითქმის ყველაფერი დაბერებას უსწრაფებს, ამ პროცესის შესანელებელი მექანიზმის პოვნა მართლაც რევოლუციის ტოლფასი იქნება.

როგორც კვლევაში წერია, მიღებული შედეგები წარმოაჩენს, რომ ნორმალურზე გრძელ ტელომერებს სასარგებლო ეფექტები აქვს თაგვებში, აფერხებს მეტაბოლურ დაბერებასა და კიბოს, რაც რა თქმა უნდა, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cnio.es-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.