მეცნიერებმა გამოავლინეს კვების რაციონი, რომლის დაცვაც სიცოცხლეს მაქსიმალურად გაგიხანგრძლივებთ — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გამოავლინეს კვების რაციონი, რომლის დაცვაც სიცოცხლეს მაქსიმალურად გაგიხანგრძლივებთ — #1tvმეცნიერება

იმის მიხედვით, თუ რა გენებს ატარებთ, თქვენი ორგანიზმი შეიძლება საკმაოდ დღეგრძელი იყოს და კიდევ მრავალი ათწლეული იცოცხლოთ.

რა თქმა უნდა, თქვენი ბედი ქვაზე ამოტვიფრული არ არის. საკვები, რომელსაც მიირთმევთ და როგორ მიირთმევთ, განსაზღვრავს, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებთ.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰერონტოლოგი ვალტერ ლონგო დარწმუნებულია, რომ არსებობს შიმშილისა და კვების ოპტიმალური ფორმულა, რომელმაც ჩვენი ინდივიდუალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება მაქსიმუმამდე გაზარდოს.

იმის გასარკვევად, რა შეიძლება იყოს ეს ფორმულა, ლონგომ და მისმა კოლეგამ ვისკონსინის უნივერსიტეტიდან, როზალინ ანდერსონმა, შეისწავლეს ლიტერატურა სხვადასხვა ცოცხალ არსებათა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და კვების შესახებ, შემდეგ კი ეს ყველაფერი ადამიანს დაუკავშირეს.

„შევისწავლეთ კავშირი საკვებ ნივთიერებებს, შიმშილობას, გენებსა და დღეგრძელობას შორის იმ სახეობებში, რომლებიც ცოტა ხანს ცოცხლობენ, შემდეგ კი ეს კავშირები დავუკავშირეთ პრიმატებსა და ადამიანებში, მათ შორის ას წელს გადაცილებულებში ჩატარებულ კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ კვლევებს“, — ამბობს ლონგო.

რა თქმა უნდა, კვების ერთი დანიშნული მეთოდი ყველასთვის ერთიანი მიდგომა არასოდეს გახდება. ისევე, როგორც კვების ჩვევების ცვალებადობას სხვა სახეობებში ჯანმრთელობაზე დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, უბრალო მიკრობებით დაწყებული, ჭიაყელებითა და ჩვენი მსგავსი ძუძუმწოვრებით დამთავრებული, თავად ჩვენში არსებული გენეტიკური სხვაობები და განვითარების ეტაპები განსაზღვრავს სხვადასხვა საკვების რისკებსა და სარგებელს.

მაგალითად, 65 წელს ზემოთ ადამიანებს კვების რაციონში შეიძლება ცოტა უფრო მეტი ცილა სჭირდებოდეთ, რათა ორგანიზმს წონის კლების პირობებში ჰქონდეს საჭირო ნივთიერებები.

კონკრეტულ ინდივიდებზე ამ საჭიროებათა მორგების საუკეთესო გზაა ჯანდაცვის პროვაიდერთან მუშაობა.

თუმცა, ჯანდაცვის ინდუსტრიას სამეცნიერო კონსენსუსით ინფორმირება სჭირდება კვების კარგი რაციონის შესახებ, რაც უკვე საკმაოდ საკამათო და დებატები საგანია.

ლონგოს და ანდერსონის მიერ უკვე არსებული ლიტერატურის კვლევის მიზანია დღეგრძელობის კვების რაციონის შესახებ ამჟამად მიმდინარე კვლევებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა, ისეთის, რომელიც დისკუსიას ადგილიდან დაძრავს და ჯანდაცვის სპეციალისტებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ისეთ კვების რაციონს შესთავაზებს, რომელიც ნამდვილად მოგვანიჭებს უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს.

მართალია, დეტალების დასადგენად უფრო მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ მაინც საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის საკვები, რომლებზეც უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენს საყიდლების სიაში.

ლონგოს განცხადებით, ზუსტად იმ „ბილეთის“ მოთხოვნებს, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ კარგად აკმაყოფილებს არარაფინირებული ნახშირწყლების, მცენარეული ცილების და მცენარეული ცხიმების კარგი ოდენობა.

„ბევრი პარკოსანი, მთლიანი მარცვლეული და ბოსტნეული; ცოტა თევზი, უარი თქვით წითელ ხორცსა და დამუშავებულ ხორცზე, მიიღეთ ძალიან მცირე ოდენობის თეთრი ხორცი; ცოტა შაქარი და რაფინირებული მარცვლეული; თხილეულისა და ზეითუნის ზეთის კარგი დონე და ცოტა შავი შოკოლადი“, — ამბობს ლონგო.

გარდა საკვებისა, მაქსიმალური ეფექტიანობისთვის საჭიროა იმის დაგეგმვაც, როდის ჭამოთ. სისხლის წნევის კონტროლში და ინსულინის წინააღმდეგობის დაბალი რისკის შენარჩუნებაში ასევე დაგეხმარებათ კვების 12-საათიანი ფანჯარა და ხუთდღიანი შიმშილობა ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლონგოს მესაკუთრის ინტერესები აქვს კომპანიაში, რომელიც შიმშილობის მიმბაძველ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ კვლევას გამადიდებელი შუშით უნდა მივუდგეთ.

მიუხედავად ამისა, არაფერია საკამათო იმაში, რომ გვეძლევა რეკომენდაცია, შევზღუდოთ წითელი ხორცი, გავზარდოთ მცენარეული ცილები და დროდადრო უარი ვთქვათ ჭამაზე, თუკი დიდხანს სიცოცხლე გვსურს.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია gero.usc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.