მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ინადგურებენ თავს რვაფეხები შეჯვარების შემდეგ — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ინადგურებენ თავს რვაფეხები შეჯვარების შემდეგ — #1tvმეცნიერება

რვაფეხები პატარა ასაკიდანვე ობლად ყოფნისთვის არიან განწირული. მას შემდეგ, რაც მდედრი რვაფეხა კვერცხებს დადებს, ჭამას წყვეტს და თვითდასახიჩრებას იწყებს, კანს იგლეჯს და საკუთარი საცეცების წვერებს კბენს.

იმ დროისათვის, როდესაც კვერცხებიდან პატარა რვაფეხები იჩეკებიან, მათი დედა უკვე მკვდარია. რამდენიმე თვის შემდეგ, მათი მამაც კვდება.

რვაფეხას ხანმოკლე და მწარე სიცოცხლე მეცნიერებს დიდი ხანია ხიბლავდა. 1944 წელს, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ შეჯვარება როგორღაც აჭერდა ზღვის ამ ქმნილებებში არსებულ „თვითგანადგურების“ ღილაკს.

თითქმის 80 წელი გავიდა, მაგრამ ეს ბუნდოვანი ჰიპოთეზა მხოლოდ ახლაღა ყალიბდება საბოლოოდ. ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ როგორც ჩანს, მდედრ რვაფეხებში შეჯვარება ქოლესტერინზე დაფუძნებულ რამდენიმე ბიოქიმიურ მეტაბოლურ გზას სხვადასხვა ჰორმონებად ცვლის.

„ცნობილია, რომ ქოლესტერინი მნიშვნელოვანია კვების რაციონის თვალსაზრისით, ასევე სხეულის სხვადასხვა სასიგნალო სისტემაში. ის ყველაფერშია ჩართული, უჯრედის მემბრანის მოქნილობიდან დაწყებული, სტრესის ჰორმონების წარმოებით დამთავრებული, მაგრამ ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო მისი ხილვა სასიცოცხლო ციკლის პროცესებშიც“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი იან ვანგი.

ადამიანებში ქოლესტერინის ზოგიერთი პრეკურსორი მაღალ დონეზე ტოქსიკურია. შესაბამისად, ქოლესტერინის მეტაბოლიზმის ამწევ გენეტიკურ აშლილობებს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული განვითარებითი და ქცევითი პრობლემები, მათ შორის გამუდმებული თვითდაზიანებები და კვების დარღვევები. მწვავე შემთხვევები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათოც იყოს.

სიმპტომები სიმპტომები უცნაურად ჰგავს მდედრ რვაფეხებს სიცოცხლის ბოლო დღეებში, რაც მიუთითებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.

ამის გარკვევას წლები დასჭირდა და დიდწილად, ეს რვაფეხასა და კალმარის ერთი პატარა და დაუფასებელი ორგანოს ბრალია.

1977 წელს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რვაფეხას დაპროგრამებულ სიკვდილში გარკვეულ როლს ასრულებს ოპტიკური ჯირკვალი.

ეს ორგანო ადამიანის ჰიპოფიზ ჯირკვალს ჰგავს. მდებარეობს რვაფეხას თვალებს შორის და დაკავშირებულია თავფეხიანებების (ცეფალოპოდები) სქესობრივ განვითარებასთან და დაბერებასთან. როდესაც მდედრი რვაფეხა მას კარგავს, კვერცხების დადებიდან მხოლოდ რამდენიმე თვესღა ცოცხლობს.

2018 წელს, ამ ინფორმაციის გამოყენებით, მეცნიერებმა დაკნინების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ორი მდედრი რვაფეხას ოპტიკური ჯირკვლის რნმ-ის სეკვენირება მოახდინეს.

სიკვდილის პირას მყოფ რვაფეხაში კვლევის ავტორებმა შენიშნეს აქტივობის მაღალი დონე იმ რამდენიმე გენში, რომლებიც აკონტროლებენ სქესობრივ ჰორმონებს, ინსულინის მსგავს ჰორმონებს და ქოლესტერინის მეტაბოლიზმს.

ამჯერად, რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე მკვლევრებმა პირდაპირ შეისწავლეს ამ ორგანოს მიერ გამოყოფილი მოლეკულები როგორც შეჯვარებულ, ისე შეუჯვარებელ მდედრებში.

როგორც ჩანს, შეჯვარების შემდეგ, ოპტიკური ჯირკვალი მართლაც გამოყოფს უფრო მეტ სასქესო ჰორმონებს, ინსულინის მსგავს ჰორმონებს და ქოლესტერინის პრეკურსორებს.

სამივე ამ მოლეკულას საბოლოო ჯამში შეიძლება წვლილი შეჰქონდეს სიკვდილის გამომწვევ სასიგნალო სისტემებში. ანდაც სავარაუდოდ, უბრალოდ რვაფეხას სხეულში ამ მოლეკულების დაგროვებაა სასიკვდილო, როგორც ადამიანთა შემთხვევაში.

თავფეხიანებში სასქესო ჰორმონების წარმოებასთან ოპტიკური ჯირკვლის კავშირი აქამდეც იყო დადგენილი, მაგრამ დანარჩენი ორი გზა მხოლოდ ბოლო დროს გამოავლინეს „თვითგანადგურებისკენ“ სვლაში.

ვანგი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ მომავალში იმასაც გაარკვევენ, რომელი სხვა მოლეკულებია ჩართული ამ უცნაურ, დროში დაგეგმილ სიკვდილში.

„უცნაური ის არის, რომ რვაფეხები განიცდიან ცვლილებათა პროგრესს, რომელშიც ისინი თითქოს გიჟდებიან და კვდებიან. შეიძლება ეს ორი პროცესია, იქნებ სამი ან ოთხიც. ახლა უკვე აშკარად გვაქვს სტეროიდი ჰორმონების სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გზა, რომლებიც უნდა იწვევდეს ამ ცხოველებში ასეთ ეფექტებს“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი კლიფტონ რაგსდეილი.

ვანგის განცხადებით, ის განსაკუთრებით აღფრთოვანებულია იმით, რომ მისი ჯგუფის მიერ გამოვლენილი ორი გზა მღრღნელებზე ჩატარებულ სხვა კვლევებშიც არის ცნობილი.

„ჩვენი კვლევის შედეგად ახლა უკვე ვიცით, რომ ეს გზები სავარაუდოდ რვაფეხებშიც არის წარმოდგენილი. ძლიერ ამაღელვებელი იყო ასეთი მსგავსების ნახვა ერთმანეთისგან ასე ძლიერ განსხვავებულ ცხოველებში“, — ამბობს ვანგი.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.