მეცნიერებმა ბრინჯის მარცვლებში საქონლის ხორცი გაზარდეს და ახალი, ჰიბრიდული საკვები შექმნეს — #1tvმეცნიერება
მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება ბუნებაზე წნეხიც. ერთ-ერთი ასეთი სტრეს-ფაქტორია სურსათის წარმოება, განსაკუთრებით კი მეცხოველეობისთვის საჭირო დიდი ოდენობით წყალი და მიწის დიდი ტერიტორიები.
მართალია, ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ამ წნეხის შესუსტების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი; კორეელმა მეცნიერებმა ახლახან ამის კიდევ ერთ გზას მიაგნეს. მათ გამოიგონეს ახალი, ჰიბრიდული საკვები, რომელიც შედგება ბრინჯის მარცვლებში გაზრდილი საქონლის ცხიმისა და კუნთის უჯრედებისგან.
მიღებული შედეგი ხორცის ფარშისა და ბრინჯის ვარდისფერი, წებოვანი მარცვლების უცნაურ კომბინაციას წააგავს. მკვლევართა განცხადებით, ეს ნაზავი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება ახლა ცოტა შრომატევადია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეამსუბუქოს ის წნეხი, რაც სურსათს აქვს პლანეტაზე. მკვლევართა ჯგუფს სამხრეთ კორეის იონსეის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი სოჰიეონ პარკი ხელმძღვანელობდა.
„წარმოიდგინეთ, რომ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ვიღებთ უჯრედულად კულტივირებული ცილოვანი ბრინჯიდან. ბრინჯს ისედაც დიდი ოდენობით საკვები ნივთიერებები აქვს, მაგრამ ამას უფრო აძლიერებს საქონლის უჯრედების დამატება“, — ამბობს პარკი.
ბრინჯში დაახლოებით 80 პროცენტი სახამებელია, დანარჩენი 20 პროცენტი კი ცილები და სხვა საკვები ნივთიერებები. ის ბრწყინვალე საკვები პროდუქტია, მაგრამ მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება.
ბიოლოგიურ სისტემებში, უჯრედებს სჭირდებათ კარკასი, რაც მათ ზრდასთან ერთად, ქსოვილს წარმოქმნის. ლაბორატორიულ პირობებში, სხვადასხვა ქსოვილებისა და ორგანოებისთვის, მეცნიერები ხშირად იყენებენ ხელოვნურ მატრიქსს. პარკმა და მისმა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ვინაიდან ბრინჯი ძლიერ ფოროვანია, იგივე ფუნქციის შესრულება უნდა შესძლებოდა, შეესრულებინა კარკასის როლი, რომელშიც ლაბორატორიაში გაზრდილი ცხოველური უჯრედები ქსოვილად დაშენდებოდა.
პირველ რიგში, მათ ბრინჯის მარცვლები საკვები თევზის ჟელატინითა და საკვები ფერმენტებით დაფარეს, რათა უჯრედებს იმ უჯრედული მასალის მაქსიმუმამდე გაზრდაში დახმარებოდნენ, რომელიც ბრინჯს ეკვრის და მასზე იზრდება. ამის შემდეგ, ბრინჯის მარცვლებში ძროხის კუნთისა და ცხიმის ღეროვანი უჯრედები „დათესეს“ და პეტრის თეფშზე 9-11 დღის განმავლობაში ზრდის საშუალება მისცეს.
კულტივაციის პერიოდის დასასრულს, მკვლევრებმა ბრინჯის სტრუქტურა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ძროხის ხორცი-ბრინჯის ჰიბრიდი უფრო მყარი და ოდნავ უფრო მტვრევადი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბრინჯი.
უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ შეიცვალა ბრინჯის კვების პროფილი. ჰიბრიდ ბრინჯში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ცილებისა და ცხიმის შემცველობა — რვა პროცენტით უფრო მეტი ცილა და შვიდი პროცენტით უფრო მეტი ცხიმი, ვიდრე ჩვეულებრივ ბრინჯში. შეიძლება არც ისე ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ შესაძლებელია ამ მაჩვენებელთა უფრო გაზრდა. როგორც ჩანს, ხორციანი ბრინჯის წარმოება გაცილებით იაფი და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო იქნება, ვიდრე ძროხის ხორცის.
ჯგუფის გათვლებით, ჰიბრიდული ბრინჯის წარმოება 100 გრამ ცილაზე 6,27 კილოგრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს. ამას გარდა, კილოგრამი ჰიბრიდული ბრინჯის ფასი მომხმარებლისთვის კილოგრამი ძროხის ხორცის დაახლოებით 15 პროცენტი იქნება.
საინტერესო იქნება ბრინჯის გემოვნური პროფილის ცვლილებაც. როგორც ჯგუფმა დაადგინა, ძროხის ხორცის კუნთისა და ცხიმის დამატება ბრინჯს სხვადასხვა სუნის ნაერთებს მატებს.
ახლა რჩება მხოლოდ წარმოების პროცესის დახვეწა, რათა შემცირდეს ჰიბრიდული ბრინჯის დამზადებისთვის საჭირო დრო. ჯგუფმა ასევე შეიძლება ცადოს ბრინჯის მარცვლებში უჯრედული მასალის შეყვანის მაქსიმუმამდე გაზრდა.
კვლევა ჟურნალ Matter-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.