მეცნიერებმა ადამიანის სმენის მოლეკულური მექანიზმი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინეს იმ იდუმალ ცილათა კომპლექსი შიდა ყურში, რომელიც ადამიანებში სმენას განაპირობებს.
იმისათვის, რათა ეს მრავალწლიანი თავსატეხი ამოეხსნათ, მკვლევრებმა 60 მილიონი მრგვალი ჭია (Caenorhabditis elegans) გაზარდეს, რომლებსაც იმის ძლიერ მსგავსი ცილების კომპლექსი აქვთ შეხების შეგრძნებისთვის, როგორც ადამიანებს.
ადამიანებს შიდა ყურში ეს ცილა მხოლოდ მცირე რაოდენობით აქვთ და შესაბამისად, კვლევისათვის საკმარისი რაოდენობის ნიმუშის შესაგროვებლად, მეცნიერთათვის ერთადერთი გზა სხვა წყაროსთვის მიმართვა იყო.
„რამდენიმე წელიწადი მოვანდომეთ ჭიების ზრდის ოპტიმიზებას და ცილების იზოლირების მეთოდებს, გვქონდა ჩავარდნის მრავალი მომენტიც, როდესაც კვლევის გაგრძელებაზე უარის თქმასაც კი განვიხილავდით“, — ამბობს კვლევის ავტორი, პორტლანდის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი სარა კლარკი.
უკვე დიდი ხანია, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ტრანსმემბრანული არხის მსგავსი ცილა 1-ის (TMC1) კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სმენაში, მაგრამ უცნობი რჩებოდა მისი ზუსტი შემადგენლობა.
„ეს ბოლო მგრძნობელობითი სისტემა იყო, რომლის ფუნდამენტური მოლეკულური აპარატიც ჩვენთვის უცნობი რჩებოდა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბიოქიმიკოსი ერიკ გუო.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის წყალობით, ახლა უკვე ვიცით, რომ ცილების ეს კომპლექსი მოქმედებს როგორც დაძაბულობისადმი მგრძნობიარე იონური არხი, რომელიც შიდა ყურში არსებული თმების მოძრაობის მიხედვით იღება და იხურება.
ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილების ეს კომპლექსი „აკორდეონს წააგავს“, ორივე მხარეს სახელურებივით დალაგებული ქვედანაყოფებით.
ყურში შემავალი ბგერები შუა ყურის დაფის ღრუს ურტყამს, შემდეგ შიდა ყურისკენ მიდის, სადაც ის სასმენ ძვალს აჟღარუნებს — სხეულის სამი ყველაზე პატარა ძვლიდან ერთ-ერთს. სასმენი ძვალი ლოკოკინას ურტყამს, რომელიც თავის მხრივ, მემბრანაზე ურტყამს თითქოს მსგავს მიკროსკოპულ თმებს, სახელად სტრეოცილიას.
ეს სტრეოცილიები ჩასმულია უჯრედებში, რომლებსაც TMC1-ის კომპლექსის მიერ წარმოქმნილი იონური არხები აქვს — ისინი თმების მოძრაობასთან ერთად იხსნება და იხურება, პარალელურად ელექტრულ სიგნალებს უგზავნის თავის ტვინის სმენის ნერვს, რათა მოხდეს მისი ბგერად ინტერპრეტირება.
„სმენის ნეირომეცნიერების დარგი ამ შედეგებს ათწლეულები ელოდებოდა და ახლა ის უკვე ჩვენ წინაშეა, აღფრთოვანებულები ვართ“, — ამბობს ოტორინოლარინგოლოგი პიტერ ბარ-ჟილესპი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ერთ მშვენიერ დღეს, ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება სმენის პრობლემების სამკურნალო პრეპარატთა შექმნაში დაეხმაროს.
სმენის დაკარგვა და სიყრუე მსოფლიოში 460 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. სმენის ბუნების დადგენის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ განაგრძონ მისი მხარდამჭერი, სამკურნალო ან სმენის დაკარგვის საპრევენციო საშუალებათა ძებნა.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია medicalxpress.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.