პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა 114 წლის ქალის ღეროვანი უჯრედები გადააპროგრამეს; ის ამ დრომდე ყველაზე მხცოვანო დონორია.
მას შემდეგ, რაც მისი სისხლის ნიმუშიდან აღებული უჯრედები ინდუცირებულ პლურიპოტენციალურ უჯრედებად (iPSC) გარდაქმნეს, მკვლევრებმა მათგან შექმნეს მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ ისეთი ქსოვილების შენარჩუნებასა და აღდგენას, როგორებიცაა ძვალი, ხრტილი და ცხიმი.
„პასუხი გავეცით უდიდეს შეკითხვას — შესაძლებელია თუ არა ამ ასაკის ადამიანის უჯრედების გადაპროგრამება? ახლა უკვე ვიცით, რომ ეს შესაძლებელია და ხელთ გვაქვს ღირებული ხელსაწყო იმ გენებისა და სხვა ფაქტორების საპოვნელად, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებენ“, — ამბობს კალიფორნიის სენფორდ-ბარნჰამ-პრებისის სამედიცინო აღმოჩენათა ინსტიტუტის ღეროვანი უჯრედების ბიოლოგი ევან სნაიდერი.
ღეროვან უჯრედებს ზოგჯერ „უჯრედულ როზეტის ქვას“ უწოდებენ, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევენ შევისწავლოთ სხვადასხვა დაავადება, მათ შორის კიბო, დაბერებისა და რეგენერაციიის პროცესები.
ყველაზე ღირებული ტიპია ემბრიონული ღეროვანი უჯრედები (ESC), მაგრამ მათი მიღება დაკავშირებულია გარკვეულ ეთიკურ პრობლემებთან; შესაბამისად, მათი მიღება რთულია. საბედნიეროდ, ნებისმიერ ადამიანში არსებობს სომატური უჯრედები, ანუ ზრდასრული ღეროვანი უჯრედები; არსებობს ტექნოლოგიაც, რომელიც ამ უჯრედებს ხელახლა აპროგრამებს ინდუცირებულ პლურიპოტენციალურ ღეროვან უჯრედებად, რომლებსაც თითქმის ისეთივე პოტენციალი აქვთ, როგორიც ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს.
თუმცა, მეცნიერები ამ დრომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რამდენ ხანს რჩებოდა ზრდასრული ადამიანის უჯრედები ამ ტექნოლოგიით პროგრამირებადი. ზოგიერთი წინა კვლევა მიუთითებდა, რომ ასაკოვანთა ღეროვანი უჯრედების გადაპროგრამება შეუძლებელი იყო, მაგრამ ბოლო წლებში მეცნიერებმა მაინც შეძლეს ინდუცირებული პლურიპოტენციალური უჯრედების მიღება ას წელს გადაცილებული ადამიანების უჯრედებიდან.
რაც შეეხება უფრო ხანდაზმულ, 110 წელს გადაცილებულ ადამიანებს?
მთელ მსოფლიოში ამჟამად ცოცხალია 110 წელს გადაცილებული მხოლოდ 28 ადამიანი. ეს უნიკალური პოპულაცია რთულად შესასწავლია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან მხოლოდ შეზღუდული ოდენობის სისხლის ნიმუშების აღებაა შესაძლებელი, არამედ იმიტომაც, რომ მათი ასაკის შესახებ არსებული ჩანაწერები ხშირად არასწორია.
მიუხედავად ამისა, კვლევის დროს დადგინდა, რომ 110 წელს გადაცილებულ ადამიანებს აღენიშნებათ არა მხოლოდ დაბერების პროცესის შენელება, არამედ უცნაური იმუნიტეტი ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების მიმართ, როგორებიც არის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადება; თანაც ისე, რომ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ცხოვრების სტილთან.
„რატომ ბერდებიან 110 წელს გადაცილებული ადამიანები ასე ნელა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობთ იმ მეთოდით, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია“, — ამბობს სნაიდერი.
ამისათვის, მკვლევართა ჯგუფმა სწრაფი დაბერების გამომწვევ მდგომარეობაში გადააპროგრამა სამი დონორის ლიმფობლასტები; მათ შორის იყო 110 წელს გადაცილებული ქალი, 43 წლის ადამიანი და 8 წლის ბავშვი.
აღმოჩნდა, რომ 110 წელს გადაცილებული ქალის უჯრედები სხვა დონორების უჯრედების მსგავსად ადვილად გარდაიქმნა ინდუცირებულ პლურიპოტენციალურ უჯრედებად (iPSC) და ამავე დროს, უფრო „ახალგაზრდა დონეს“ დაუბრუნდა ტელომერები – ქრომოსომების დაბოლოებებზე არსებული „დამცავი“ დნმ-ის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ზომაში მცირდებიან და შესაბამისად, პასუხისმგებელი არიან დაბერების პროცესზე.
ტელომერების საწყის მდგომარეობაზე დაყენება ასაკოვან უჯრედებში ხშირად არ ხდება. თუმცა, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მათ შეძლეს და უჯრედული საათი 114 წლიდან ნულოვანი ასაკის ეკვივალენტზე დაიყვანეს.
„კვლევა მიუთითებს, რომ დიდი ასაკი არ გახლავთ აბსოლუტური ბარიერი ტელომერების გადაპროგრამირებისა და მათი სიგრძის აღდგენისთვის“, — წერენ ავტორები.
გარდა ამისა, მათი მეთოდი მოითხოვს გადაპროგრამირების მხოლოდ ოთხ ფაქტორს – მართვად რიცხვს, რომელიც მეცნიერებისთვის შედარებით ამარტივებს იმის ხილვას, რამდენად შეესაბამება ამ მხცოვან ადამიანთა ღეროვანი უჯრედები მათ ასაკს.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, 110 წელს გადაცილებულ ადამიანთა უჯრედების გადაპროგრამება შესაძლებელია და მათ ეს რეტროსპექტიულ ნიმუშში შეძლეს, რაც მრავალ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა უფრო გაგვიადვილებს იმის შესწავლას, როგორ და რატომ ცოცხლობენ ეს ადამიანები ასე დიდხანს და თანაც, წარმოუდგენლად რეზისტენტული არიან ასაკთან დაკავშირებული დაავადებების მიმართ.
კვლევა ჟურნალ Biochemical and Biophysical Research Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sbpdiscovery.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.