მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა აქცია გამართა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სამი მოთხოვნა დააყენა
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა აქცია გამართა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სამი მოთხოვნა დააყენა

მეტროსადგურ „რუსთაველთან“ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა გამართა აქცია, სახელწოდებით „გელათის გადასარჩენად“.

პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას უწესებენ მათი მოთხოვნების შესასრულებლად.

„ჩვენი აქციის მთავარი მიზანია, რომ გელათში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია გამოსწორდეს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რადგან სხვანაირად გელათს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ გვაქვს სამი მოთხოვნა: ერთი არის, რომ გელათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი უნდა წარიმართოს ქართველი სპეციალისტების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც ჩამოიყვანა საპატრიარქომ. ასევე, გაფართოვდეს მათი წრე. ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს ქალბატონი თეა წულუკიანი. მისი პასუხისმგებლობაა გაუარესებული სიტუაცია. გვესმის, რომ მანამდე შეიძლება, რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ გაუარესება მის კისერზეა. ასევე, გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტი და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ხელისუფლებას ვაძლევთ გარკვეულ ვადას, რომ ამ პროცესში ჩაერთოს და, მაგალითად, პრემიერმა აიღოს საკუთარ თავზე ეს საკითხი და პროფესიონალებს ვანდოთ ყველაფერი. თუ ასე არ მოხდება, პერმანენტულ აქციებზე გადავალთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ ამ ძეგლს, კონკრეტული ადამიანების ამბიციებს ვერ გადავაყოლებთ. დღეს იკვეთება ის, რომ ქალბატონმა მინისტრმა სფერო დაცალა კომპეტენტური კადრებისგან, მეცნიერებისგან, დატოვა მხოლოდ ტექნიკური საქმის შემსრულებელი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ცოდნას ატარებენ, მაგრამ ისინი არიან მარტო, კოლექტივის გარეშე. ამბიციის მქონე მინისტრი როცა არ უსმენს სპეციალისტებს, მივიღებთ ამ შედეგებს“, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.