რა საერთო აქვს ვეშაპების ექსპერტებს და არამიწიერ ცივილიზაციათა მძებნელებს? იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.
ახალ კვლევაში ძალები გააერთიანეს დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტისა, ალასკის ვეშაპების ფონდის (Alaska Whale Foundation) და SETI-ს (გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) მეცნიერებმა.
მიზანი ვეშაპებთან კომუნიკაციის დამყარება იყო. მათ ეს მოახერხეს.
საეტაპო ექსპერიმენტში, მკვლევართა ჯგუფი 20 წუთის განმავლობაში, საკუთარ ენაზე „ესაუბრა“ კუზიან ვეშაპს, სახელად ტუეინს.
რა თქმა უნდა, ტუეინს და მეცნიერებს ამინდზე ან თევზებს შორის მოარულ უახლეს ჭორებზე არ უსაუბრიათ — ამ დონემდე მისაღწევად ჯერ ძალიან ადრეა.
თუმცა, რაც მოხდა, ნამდვილად ღირსშესანიშნავია.
მეცნიერებმა ნავი ალასკის სანაპიროსთან გააჩერეს და ე. წ. საკონტაქტო ზარი გაუშვეს, რათა ენახათ, გამოეხმაურებოდა თუ არა რომელიმე ვეშაპი.
კვლევის ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის პროფესორის, ბერნდა მაკკოუანის განცხადებით, საკონტაქტო ზარები დაახლოებით ისეთია, როგორც ადამიანები კითხულობენ ერთმანეთს. ვეშაპები მას სხვა ვეშაპების დასაძახებლად ან მათი ადგილმდებარეობის გასაგებად იყენებენ.
„ისინი კუზიან ვეშაპთა სოციალურ რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიგნალებია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ალასკის ვეშაპების ფონდის მკვლევარი ფრედ შარპი.
მართლაც, ტუეინმა წყლიდან ამოყვინთა და ნავის გარშემო დაიწყო ცურვა. შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, მეცნიერებმა იგივე საკონტაქტო ზარი 36-ჯერ გაუშვეს დროის სხვადასხვა ინტერვალებით. ტუეინი ყოველ ზარს პასუხობდა, ახლო ინტერვალებში გაშვებულებსაც კი.
ტუეინი სიგნალებს 10 წამის შემდეგ ეპასუხებოდა; მაკკოუანის განცხადებით, ინტერვალების ამ ტიპის დამთხვევა იმას ნიშნავს, რომ ვეშაპი კომუნიკაციაში იყო ჩართული.
„ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ის ჩვენ გვისმენდა. იმედი გვაქვს, რომ გრძნობდა კიდეც. ეს გახლავთ პირველი ასეთი კომუნიკაცია ადამიანსა და კუზიან ვეშაპებს შორის, ვეშაპების ენაზე“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან?
კვლევის თანაავტორის, SETI ინსტიტუტის მკვლევრის, ლორენს დოილის განცხადებით, შესაძლოა, ტუეინის ქცევა ისეთი იყოს, როგორიც ადამიანის იქნებოდა არამიწიერი ცივილიზაციის კონტაქტის შემთხვევაში.
„გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში მნიშვნელოვანია მოსაზრება, რომ ისინი დაინტერესებული იქნებიან კონტაქტის დამყარებით, რისთვისაც მიზანში ჩვენს მიმღებებს ამოიღებენ, დაახლოებით ისე, როგორც ტუეინმა უპასუხა საკონტაქტო ზარს“, — წერენ მკვლევრები.
დოილი და მისი კოლეგები SETI-დან, ვეშაპებთან და სხვა ცხოველებთან მუშაობენ, რათა ინტელექტის ფილტრები შექმნან, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში.
თუკი არამიწიერ ცივილიზაციებს ნაპოვნი ვყავართ, სიგნალებს გვიგზავნიან და კომონიკაციას ცდილობენ, შეიძლება ვერც კი შევნიშნოთ, რადგან არ ვიცოდეთ, რას ვეძებთ.
ინტელექტის ამ ფილტრების სრულყოფით, მეცნიერებს მათი გამოყენება კოსმოსიდან მოსულ ხელოვნურ სიგნალთა იდენტიფიცირებაში დაეხმარება, არამიწიერ რასასთან პირველი კონტაქტის დამყარების მცდელობისას.
„ამ პლანეტაზე მრავალგვარი ინტელექტია და მათი შესწავლით, შეგვიძლია უკეთესად გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი ინტელექტი, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ის ზუსტად ჩვენნაირი არ იქნება“, — ამბობს მაკკოუანი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.