მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კაცობრიობა ახლომხედველობის „ეპიდემიის“ წინაშე დგას — #1tvმეცნიერება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მიოპიის, ანუ ახლომხედველობის „ეპიდემიის“ წინაშე ვდგავართ. შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად იმატებს ახალგაზრდა მოზრდილებსა და ე. წ. ბეიბი-ბუმერ თაობაში.
ბრიტანეთის პროგრამა Biobank-ის მონაწილე 107 442 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 1960-იანი წლების ბოლოს დაბადებულ ადამიანებში 10 პროცენტით მეტია ახლომხედველობის შანსი, ვიდრე სამი ათწლეულით ადრე დაბადებულებში.
ყველაზე დიდი ნახტომი შეიმჩნეოდა იმ ადამიანებში, რომლებმაც მოგვიანებით განიცადეს მხედველობაში ცვლილება, მაგრამ მათში, ვისაც მიოპია ბავშვობაში დაეწყო, დროის იმავე პერიოდში ორმაგდებოდა მწვავე შემთხვევათა რაოდენობა.
მიჩნეულია, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია, მათ შორის, ეკრანთან გატარებული დროის ზრდა; თუმცა, კვლევამ იპოვა იმის მტკიცებულებაც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ინიციატივების გატარების შემთხვევაში, ამ ტენდენციათა შეცვლა შესაძლებელია.
„მიოპიის „ეპიდემიის“ გამოჩენა საერთაშორისო მასშტაბით, ეს ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემაა. მიდრეკილია უფრო ახალგაზრდა თაობისკენ და თანაც დიდი სიმწვავით“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
Biobank-ის კვლევაში მონაწილე ყველაზე ხანდაზმული თაობა 1939-1944 წლებში იყო დაბადებული; მათგან 12,6 პროცენტს მიოპია ბავშვობაში განუვითარდა, 7,4 პროცენტს კი ცხოვრების უფრო გვიანდელ ეტაპზე. შესწავლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა კოჰორტაში, 1965-1970 წლებს შორის დაბადებულებში, ეს რიცხვები 15,6 და 13,6 პროცენტამდეა გაზრდილი.
საერთო ჯამში, ყველაზე ხანდაზმულ და ყველაზე ახალგაზრდა კოჰორტებში მიოპიის მქონეთა პროპორცია 20-დან 29,2 პროცენტამდე გაიზარდა, მაგრამ მოზრდილებში დამატებითი შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთლიან სურათს არ ასახავს, უმაღლესი მაჩვენებელი, 30,9 პროცენტი დაფიქსირდა 1955-1959 წლებს შორის დაბადებულებში; ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია.
მონაცემებში უფრო ჩაღრმავების შემდეგ, მკვლევრები ასეთი ნახტომის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ვარაუდობენ: კვების რაციონის ცვლილება ბავშვობაში, ციფრული ეკრანების გამოყენების ზრდა, სწავლის მეთოდების ცვლილება (მაგალითად, მეტი სამუშაო სახლში და ნაკლები დრო გარეთ).
მკვლევართა განცხადებით, ფაქტორი ასევე შეიძლება იყოს 18 წელს ზემოთ ადამიანების მიერ სწავლის გაგრძელება. კავშირი უმაღლეს განათლებასა და ახლომხედველობის მაღალ რისკს შორის, რამდენიმე წინა კვლევამაც შენიშნა.
„დროთა განმავლობაში გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ; პარალელურად, იცვლება სწავლის მეთოდები, გაიზარდა ტელევიზორებისა და ელექტრონული ეკრანების გამოყენება; თანაც, ასეთი აქტივობების რაოდენობა თავისუფალი დროის ხარჯზე გაიზარდა“, — წერენ მკვლევრები.
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჩატარებული სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ მიოპია უფრო ბევრი ადამიანისთვის ხდება პრობლემა ადრეულ ასაკში; ამავე დროს, ადამიანთა უმეტესობა, ვისაც ახლომხედველობა განუვითარდა, თვალის ამ დარღვევის უფრო მწვავე შემთხვევათა შესახებ იუწყება.
თუმცა, როგორც კვლევაში იკვეთება, 1955-1970 წლებს შორის დაბადებულებში მიოპიის სიხშირის ერთ დონეზე შენარჩუნება ამყარებს იდეას, რომ შესაძლებელია ამ ტენდენციის დასტაბილურება ან უკუქცევა.
ამისათვის სამომავლო კვლევებია საჭირო, რათა გამოიკვეთოს, როგორ მოქმედებს სხვადასხვა გავლენები მიოპიაზე, როგორ განსხვავდება ბავშვების მაჩვენებელი ზრდასრულებისგან.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.