მეექვსე მასობრივი გადაშენების ფონზე, ბაყაყები, სალამანდრები და უფეხო ამფიბიები დედამიწის ხერხემლიანთა ის ჯგუფია, რომლებიც ყველაზე მეტად არიან საფრთხის წინაშე. უახლესი გლობალური შეფასების მიხედვით, ამჟამად საფრთხის ქვეშ იმყოფება ამფიბიათა სახეობების 40 პროცენტზე მეტი.
„ამფიბიები იმაზე სწრაფად ქრებიან, ვიდრე მათი შესწავლა შეგვიძლია, მაგრამ მათი დაცვის მიზეზთა სია გრძელია, მათ შორის მოიცავს მათ როლს მედიცინაში, მავნებლების კონტროლში, გვაფრთხილებენ გარემო პირობების შესახებ და პლანეტას უფრო მშვენიერს ხდიან“, — განმარტავს ორგანიზაცია Re:wild-ის ეკოლოგი კელსი ნიმი.
2004 წლამდე ამფიბიების რაოდენობის შემცირებათა 90 პროცენტზე მეტი გამოწვეული იყო დაავადებებითა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვით, მაგრამ ახლა მთავარ დამნაშავეს წარმოადგენს კლიმატის ცვლილება.
შეცვლილი კლიმატის ეფექტები და ამის გავლენა გარემოზე, ამჟამად ამ უძველეს ცხოველთა ჯგუფის შემცირების 39 პროცენტს წარმართავს. 37 პროცენტი კვლავ ჰაბიტატის დაკარგვაზე მოდის, მიუხედავად მათი დაცვის არაერთი მცდელობისა.
„ეს სახეობები ‘კანარის ჩიტებია ქვანახშირის საბადოში’ — ისინი ძლიერ მგრძნობიარენი არიან ისეთი ფაქტორებისადმი, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და დაბინძურება, რასაც ისინი გადაშენებამდე მიჰყავს და ერთგვარი გამაფრთხილებლები არიან იმისა, რაც გველოდება. თუ მათ დავკარგავთ, გარდაუვლად მიჰყვებიან სხვა სახეობებიც“, — განმარტავდა 2018 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგი ჯონათან ბაილი, რომელიც ამ ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ამიტომ, Re:wild-ის გარემოსდამცველმა ჯენიფერ ლუდტკემ და მისმა კოლეგებმა ამფიბიათა 8011 სახეობა შეაფასეს, რათა მათი სტატუსი განეახლებინათ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა წითელ ნუსხაში. წინა ასეთი შეფასება 2004 წელს ჩატარდა.
სამწუხაროდ, მას შემდეგ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა.
„ბოლო 150 წელიწადში გადაშენებულ ამფიბიათა სახეობების რაოდენობა დაახლოებით 222-ია“, — წერენ მკვლევრები.
ჩირიკის ჭრელი ბაყაყი (Atelopus chiriquiensis) და ბასრდინგიანი დღის ბაყაყი (Taudactylus acutirostris) 1990-იან წლებში სწრაფად შემცირდნენ სოკოვანი დაავადება ქიტრიდიომიკოზის გამო; სახეობა Craugastor myllomyllon და Pseudoeurycea exspectata კი ბოლოს 1970-იან წლებში ნახეს და მიჩნეულია, რომ მათი გადაშენების მიზეზი სოფლის მეურნეობის გაფართოება გახდა.
დაავადებები და დაბინძურება ზოგიერთ სახეობაში უცნაურ დეფორმაციებს ქმნის; ზოგიერთი ამფიბია კი ადამიანთა მხრიდან სხვა საფრთხეებით, მაგალითად, ბრაკონიერობით ზარალდება.
უფრო გახშირებული და გამანადგურებელი ხანძრების ეფექტებმა ნიადაგის ტენიანობა შეამცირა, რაც ძლიერ ცუდად აისახა აშშ-ში სალამანდრის ხუთ სახეობაზე. მკვლევართა პროგნოზით, ავსტრალიისა და ბრაზილიის ნესტიან ტროპიკებში ნალექების შემცირება გავლენას იქონიებს ბაყაყების გამრავლებაზე; ვენესუელის მაგიდა-მთებში გავრცელებულ ამფიბიებს კი კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო მაღლა მოუწევთ ასვლა.
„ნამდვილ ზემოქმედებას ალბათ სათანადოდ ვერ ვაფასებთ“, — ამბობს ლუდტკე. თუმცა, მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია უდავოდ დაეხმარება კონსერვაციულ ძალისხმევას.
„ეს კვლევა აჩვენებს დაავადებათა ცხელ წერტილებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკულ ამფიბიებში, რაც ამ კონტინენტზე მათი კონსერვაციის ახალი საფრთხეა. IUCN-ის წითელი ნუსხა რომ დღევანდელის მსგავსად 1970-იან წლებში განახლებულიყო, ამფიბიების დაავადებათა პანდემიას 20 წლით ადრე მივაგნებდით, ვიდრე ის მათ პოპულაციებს გაანადგურებდა“, — ამბობს ორგანიზაცია Synchronicity Earth-ის თანადამფუძნებელი ადამ სვეიდანი.
ვინაიდან ამფიბიები მწერების პოპულაციებს აკონტროლებენ, მათ გადაშენებას გავლენა ექნება ჩვენს კეთილდღეობაზე. ამის აშკარა მაგალითია მალარიის შემთხვევათა მომატება 1980-იან 2000-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში კოღოსმჭამელი ბაყაყის სახეობათა შემცირების შემდეგ.
შეიძლება ყოველთვის ვერ ვამჩნევდეთ, მაგრამ ამფიბიათა გადაშენება ჩვენზე ზემოქმედებს.
„ამფიბიების დაცვა და აღდგენა კლიმატის კრიზისის გამოსავალია, რადგან მათ საკვანძო როლი აქვთ ნახშირბადის შემნახველი ეკოსისტემების ჯანმრთელობაში. დროა, გლობალურმა საზოგადოებამ ინვესტიცია ჩადოს ამფიბიათა მომავალში, რაც ამავე დროს ინვესტიციაა ჩვენი პლანეტის მომავალში“, — ამბობს ნიმი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.