მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.
სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს, მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებსა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომ როგორც წესი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები პარლამენტში არ იმართება, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და დეპუტატებსაც მანდატი უნარჩუნდებათ ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართვამდე. ამ წესით, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება ეძლევა, წინასაარჩევნო კამპანიაში ბოლო ერთი თვის მანძილზე აქტიურად ჩაერთოს და შეძლოს მისი სრულფასოვნად განხორციელება. შესაბამისად, დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულებულია, კენჭსაყრელი საკითხები ამოწურულია.
მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს, სურდო თარჯიმანს და აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ, რათა ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღება მოგვესწრო. თითოეულ თანამშრომელს, ვინც პარლამენტშიუსაფრთხოებასა და წესრიგს უზრუნველყოფდა, ასევე ჩვენი ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობას, მათ შორის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც დისტანციურ რეჟიმზე რჩებოდნენ ბოლო მომენტამდე მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით, მადლობას გიხდით თქვენ, ჩემს კოლეგებს, რომლებიც სხდომის ბოლომდე ესწრებოდით სამუშაო პროცესს. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის, პრეზიდენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი